საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: რთულ პერიოდში მოვახერხეთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, არავის მივცემთ სხვა სცენარით პროცესების განვითარების შესაძლებლობას

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ბევრად უფრო რთულ პერიოდში მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება, ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით პროცესების განვითარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია“.

კობახიძის თქმით, „ეს არის ღია ალიანსი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის“.

„სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე, ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ამის რესურსი არ არსებობს. მთავარია, ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყნის სტაბილურობა, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ მოვახერხეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.