საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე, იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. როცა კორუფციის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებული ვართ, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენით არ უნდა მოხდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე წარმოთქვა, ძალიან მარტივად გასაგები იყო.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაკავებები, მდინარაძემ განაცხადა, რომ დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.

პრემიერის გზავნილი იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

როცა ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებით არ უნდა იყოს.

დინამიურად სწორი მოქმედებით შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში აღმოვჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი შემთხვევითი არ იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს, „ისევე როგორც ყველა ქვეყნის“, ერთ-ერთი გამოწვევაა ბიუროკრატიული საკითხები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ რიგი საკითხები უფრო მარტივად გადაწყდეს, საჯარო მოხელე თუ ხელშეკრულებით აყვანილი პირი ბოლო ვადას არ უნდა დაელოდოს.

არაერთი ამბავი მსმენია, რომ მაგალითად საჯარო მოსამსახურეს რაღაც ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადა აქვს და დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, როცა ვიღაც პასუხს ბოლო მეათე დღეს აგზავნის. ამით ბუნებრივია, მოქალაქეები ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს იყო პრემიერის გზავნილი, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს - თუ შესაძლებელია, რომ მოქალაქეს მეორე, მესამე დღეს გასცენ პასუხი, ამას ათი დღე არ სჭირდება. სამწუხაროდ, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც ეს თვეობით გრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.