საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი: პრეზიდენტმა მიიღო ინსტრუქცია იყოს დესტრუქციული

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ინსტრუქია იყოს დესტრუქციული ყველა იმ პროცესთან მიმართებით, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს 2024 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო ინსტრუქცია იყოს დესტრუქციული ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის მანძილზე უნდა მოხდეს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ზურაბიშვილს ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.

მას არ აქვს საკუთარი ინდივიდუალური საარჩევნო რესურსი, თუმცა იმ ფორმალური პოზიციის პირობებშიც კი, რომელიც დღეს მას უკავია, აქვს პროცესების დისკრედიტაციის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მინისტრის თქმით, ზურაბიშვილისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამიზნე საარჩევნო პროცესი და ცესკოს ადმინისტრაციაა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.