აქტუალური
იაპონია განაგრძობს ჩვენს დახმარებას

japanaროგორც იაპონიის საელჩოდან საქინფორმისთვის გამოგზავნილ განცხადებაშია აღნიშნული, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში დღეს, 13.00 საათზე, შედგება ფერმერთა კოოპერატივის გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცერემონია.

ცერემონიას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი მასაიოში კამოჰარა, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზემოხსენებული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი მოეწერა 2010 წლის 19 ნოემბერს იაპონიის საელჩოსა და წალენჯიხას მუნიციპალიტეტის მიერ. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ფერმერული კოოპერატივების შესაძლებლობები მიქავას თემში ექვსი სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 1100 ადამიანი, პროექტის ბიუჯეტი კი 82,952 აშშ დოლარია.

პროგრამა გამოეყოფა შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ და რომელთა პირდაპირი მიზანიც საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაა. მსგავსი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვის, დაწყებითი და საშუალო განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების სფეროებში.

სულ იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყო 362 მილიონი აშშ დოლარი ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანური რესურსების განვითარება.

 

საქინფორმი