აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კონსერვატიული საზოგადოება ვართ, ღირებულებებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ამას სჭირდება სწორი გააზრება

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი განწყობილია ასე, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა მავნებელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში არის კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, რასაც, მისი თქმით, სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა.

რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახადეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან ყველგან – ამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სკოლისა და ბაღის ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, მაგალითად, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს ახლა. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ, ჩვენს გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, გააჟღერა ჩვენი გუნდის სახელით ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. თავის დროზე, როცა მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და გახსოვთ, რომ მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და, ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.