აქტუალური
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი: ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

რობერტ კიუტის თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შესახებ კი მხოლოდ მედიით იცის.

ეს ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი… არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მითუმეტეს მათთან”, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრის” თქმით, გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია, ხოლო რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხიდაშელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო იდეები აქვს. მისივე თქმით, „ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.“ ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, დავით ხიდაშელთან ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. „რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.