პუბლიკაციები
ერდოღანმა, სტალინის სახელის ავად ხსენებით, ნეთანიაჰუს დაკნინება მოინდომა, მაგრამ პირიქით გამოუვიდა - გულბაათ რცხილაძის რეპლიკა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ისტანბულში სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გალანძღა ისრაელი, მის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუიანად. კერძოდ, ერდოღანმა განაცხადა:

"ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით, თავიანთ სახელებს ისტორიის ფურცლებზე ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ, ვითარცა თანამედროვე ნაცისტები“.

ჰიტლერზე, მუსოლინიზე და სხვა ევროპელ ფსიქოპათებზე არაფერს ვიტყვით, მაგრამ სტალინის სახელის ხსენება ამ უადგილო კონტექსტში, საპირისპირო ეფექტს იწვევს, სულ მცირე - ჩინეთსა და რუსეთში. ეს ბუმბერაზი ერები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ქართველ კაცს, რომელმაც ჰიტლერი და მუსოლინი, გერმანული და იტალიური ფაშიზმი, ასევე, მძლავრი იაპონური კვანტუნის არმია გაანადგურა.

საქართველოში, ყველაფერთან ერთად, სტალინს იმიტომაც ვცემთ პატივს, რომ მან გაამაგრა ჩვენი სამხრეთი საზღვრები და უძველეს ქართულ ტერიტორიებზე, საუკუნეების მანძილზე ამოწყვეტილი ქართველობა, ისევ უკან დააბრუნა.

ვფიქრობ, ასეთი კრიტიკა ხელს აძლევს თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში, ვინაიდან ყველა ებრაელს როდი დაავიწყდა სტალინის ღვაწლი ისრაელის საერთაშორისო აღიარებაში.

ერდოღანი ბევრად მეტს მოიგებდა საკუთრივ თურქეთშიც, თუკი იგი სტალინის სახელს ამ კონტექსტში არ ახსენებდა, ვინაიდან, თურქებმაც ხომ იციან, რომ სტალინი გამარჯვებულია, მისი სახელი ისტორიაში დიდების შარავანდედით არის შესული. ევროპა-გეიროპა რას იტყვის, არ არის გადამწყვეტი. აზიელი ხალხები უფრო მეტ პატივს სცემენ სამართლიან ძალას. ასეთი ძალა კი სტალინმა აჩვენა მსოფლიოს. წაგებულების - ჰიტლერისა და მუსოლინისგან განსხვავებით, სტალინმა იმაზე მეტი მოიგო, რის მოგებაც წარმოსადგენი იყო.

თუმცა ეს ყველაფერი ისე, რიგითი კომენტარის სახით - რას იტყვის ერდოღანი და რაზე დაუკრავენ მას ტაშს თურქები, თურქული სახელმწიფოს საშინაო საქმეა.

გულბაათ რცხილაძე

P. S. ეს წერილი ცნობად მიღებისათვის ეგზავნება საქართველოში წარმოდგენილ თურქეთის საელჩოს.