საზოგადოება
დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად - „ქართული ოცნების" ინიციატივა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამზადებს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არყოფნის პირობებში, რეგიონების მოსახლეობასთან კონტაქტის შენარჩუნება დეპუტატ-დელეგატებს მოუწევთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. მანამდე მოქმედებდა შერეული სისტემა: 120 დეპუტატს პარტიული სიებით, ანუ პროპორციული სისტემით, ხოლო 30-ს მაჟორიტარული სისტემით ირჩევდნენ.

მას შემდეგ, რაც არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის გაუქმება გადაწყდა, გაეროს განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა იმის თაობაზე, პარლამენტმა თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან. განხილული იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება.

კვლევა ამტკიცებდა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მისცენ მოსახლეობას და ამომრჩეველს შესაძლებლობა, იხილონ თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტიებს, შესაძლოა, მიეცეთ უფლება, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვროს.

ოპოზიციამ „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებში მმართველი პარტიის ზრახვები დაინახა.

ეს არის საარჩევნო კოდექსის საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მისადაგება“, - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატ ბექა ლილუაშვილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. იგი დაინტერესდა დეპუტატ-დელეგატებს ექნებათ თუ არა რაიმე სახის უპირატესობა.

ბოლო გამოკითხვებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.

2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.