პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი: „ლევან გაჩეჩილაძე მოღალატეა“

gachტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილ თანაგუნდელ ლევან გაჩეჩილაძეს პარტიის გეგმის გაცემაში ადანაშაულებს და მას მოღალატეს უწოდებს. „არსებობდა კონკრეტული გეგმა საქართველოში ჩემი ჩამოსვლს. ვინც კარგად მიცნობს, ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩემი ჩამოსვლა მოიცავდა მხოლოდ მიტინგზე ერთსაათიან გამოსვლას. იყო კონკრეტული გეგმა, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე – ხელისუფლებისთვის მიგვეყენებინა ისეთი დარტყმა, რომ დასრულებულიყო ის. გეგმა მუშავდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩემი ჩამოსვლის სცენარი ჩაბარებული იყო ხელისუფლებისთვის. მოღალატე იყო რამდენიმე, მაგრამ ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“. მან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა, რომლის ინფორმაციით, გაჩეჩილაძემ გეგმის გაცემის სანაცვლოდ პრეზიდენტ სააკაშვილისა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან 5 მლნ დოლარი მიიღო.

მისივე თქმით, „ქართული პარტია“ მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად შეიქმნა და ის ამჟამად ძალების აღდგენის პროცესშია. „რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დარტყმა მივიღეთ. დაპატიმრებულია ჩვენი უამრავი მხარდამჭერი და წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას არ ვაგრძელებთ. ჩვენ სახლში ვერ წავალთ! ძალების აღსადგენად დრო გვჭირდება და დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის საზოგადოებას ვეტყვით, რას და როგორ ვაპირებთ“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „საქართველოში დაბრუნებას აღარასოდეს დააანონსებს და იტყვის მხოლოდ: „მე უკვე საქართველოში ვარ!“

 

საქინფორმი