უცხოეთი
მეთიუ მილერი - აშშ მოუწოდებს რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს - რუსეთი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაუბრუნოს და სახიფათო თამაშებისგან თავი შეიკავოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ აკვირდება სიტუაციას ელექტროსადგურზე. ასევე, გაეცნო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ დრონით დარტყმის შედეგად მიყენებულ დაზიანებას, საბედნიეროდ, საფრთხე არ შეუქმნია ბირთვული უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენგან ადრეც გსმენიათ, რომ რუსეთი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებით. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ელექტროსადგურიდან, დაუბრუნოს მისი სრული კონტროლი უკრაინის კომპეტენტურ ხელისუფლებას და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელმაც, შეიძლება, ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტი გამოიწვიოს“, - აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გუშინ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა.

interpressnews.ge