პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის. კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომლებიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს – იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.