პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

სამინისტროში გაფორმდა დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.