საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორი ქვეყნის მეგობრობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, დღეს გაფორმებული შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობას როგორც საქართველოსთვის, ისე ჩინელი ბიზნესმენებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მონაწილეობა მივიღე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების გაფორმებაში. საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შეეძლებათ მოგზაურობა ქვეყნებში ვიზის გარეშე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ორ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განვითარებას. ეს არის ახალი მიღწევა, რომელიც უნდა მოვიაზროთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებში. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ საქართველო და ჩინეთი არიან თანასწორუფლებიანი პარტნიორები, რომლებიც ჩაბმული არიან ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ ურთიერთობებში. დღევანდელი ურთიერთშეთანხმება არის საკმაოდ მრავლისმომცველი და მოიცავს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ ბიზნესმოგზაურობებს, სწავლას და ასე შემდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობას როგორც საქართველოსთვის, ისე ჩინელი ბიზნესმენებისთვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის და, რასაკვირველია, გამოიწვევს აღმავლობას ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ფაქტობრივად, ეს ხელშეკრულება არის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დამყარებული და ერთმანეთს ვთავაზობთ იმ სიკეთეებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ამ ხელშეკრულებიდან“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ელჩის განმარტებით, საქართველომ გაცილებით ადრე მოაწერა ხელი ჩინეთთან უვიზო რეჟიმს და ჩინეთს არ ჰქონდა არავითარი მიზეზი, იგნორირება მოეხდინა საქართველოს კეთილი ჟესტის მიმართ.
„ჩვენი დიპლომატია ყოველთვის ხელმძღვანელობს ხალხებს შორის მეგობრობისა და პატივისცემის პრინციპებით. ჩვენ ვცდილობთ, ავაგოთ ისეთი საზოგადოება, რომელიც სამომავლოდ საუკეთესო შედეგების მიღწევისკენ იქნება მომართული. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი გამოაცხადა, ათასობით ჩინელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმი, რომელიც ძალიან მალე შევა ძალაში, ქართველებსაც მისცემს შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნის სიკეთეებსაც გაეცნოს, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეები უკვე სიამოვნებას იღებენ ქართული ღვინით, სამზარეულოთი და ასე შემდეგ. ჩინეთში ქართველები იხილავენ ტრადიციული უძველესი კულტურისა და თანამედროვე მიღწევების უნიკალურ შერწყმას“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ოფიციალურად გაფორმდა.