სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი პეტერ ფიშერს შეხვდა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ ფიშერმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.

ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ძლიერი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, საიმედო პარტნიორია. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.