სამართალი
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის – ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.

აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს – იგი თავმჯდომარეობდა „პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს „პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ“ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას.

როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე, მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინებისა და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში. მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე, ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის ცხრა წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე.