საზოგადოება
პაველ ჰერჩინსკი: ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩის გზავნილია, რომ არ დაკარგოთ დრო, საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რათა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობს.

გასულ წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, ვიდექი სცენაზე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად და ვზეიმობდით ისტორიულ მომენტს საქართველოსთვის, ფორმალურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერებმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა. თუ შეხედავთ ამ ცხრა ნაბიჯს, ის მხოლოდ ერთგვერდიანია. ყველა პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს იყო სადღაც ხუთი თვის წინ, მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს მთავრობასთან. არის ვიზიტები, საქართველოს დელეგაციები დადიან ბრიუსელში, ბრიუსელიდან ჩამოდიან საქართველოში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის 27 ელჩი გვსტუმრობს და სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა ნაბიჯი, რომ ევროკავშირისკენ გზაზე წინ წავიდეს.

ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩისგან გზავნილი არის, რომ ცოტა დრო რჩება. არ დაკარგოთ დრო. საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რომ მიაღწიოს პროგრესს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, ცხრავე რეკომენდაცია უნდა შესრულდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე დავიწყეთ ახალი გაფართოების შესახებ მოხსენების წარდგენა. იმავე პროცესს გავდივართ, რაც შარშან გავიარეთ. კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვესაუბრებით ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას, რეკომენდაციებთან ერთად, გამოაქვეყნებს ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და რამდენად გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება დაჩქარება და ძალიან დიდი პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯთან მიმართებაში, ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციების გაცემა და ამ წლის დეკემბერში წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ დათანხმება, გაიხსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსთან. ჩვენ ყველას შეგვეძლება, ვიზეიმოთ ამ წლის დეკემბერშიც ისე, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის დეკემბერში“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

თქვენ მკითხეთ, რა ნაბიჯები შესრულდა და რა ნაბიჯები ჯერ არ შესრულებულა. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტად. ევროკომისიის მხრიდან მოხდება შეფასება, ეს შეფასება მიმდინარეობს და ამ შეფასების შედეგი გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დრო იწურება, ჩვენ დაჩქარება გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება პროგრესის მიღწევა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არის საკმარისი პროგრესი ცხრავე ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა. ამავე დროს, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დისკუსიებს, სადაც ჯერ კიდევ არის ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უკეთესი ურთიერთგაგების საჭიროება. სამწუხაროდ, ასევე არის უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ბოლო ინიციატივის საკითხი, რომელიც, ჩვენი შეხედულებით, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, როგორც ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.