სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რეპრესიები იქნება, რისთვისაც თავად მზად არის.

ბოლო დროს აქციებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველო არის ძალიან ლამაზი, ამაყი, გონიერი ხალხით დასახლებული ქვეყანა. „ქოცების“ მხრიდან ამ აქციების დაცინვის მცდელობა სასაცილოდ გამოიყურება. თუ ასე დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, აბა, გამოიყვანეთ თქვენი გულწრფელი მომხრეები და ვნახოთ, რამდენი წამოგყვებათ ქუჩაში. დღევანდელი მდგომარეობით, 2021 წლისგან განსხვავებით, აიპ-ების და სსიპ-ების თანამშრომლების უმრავლესობაც არ გამოგყვებათ, ისეთი მორალური კლიმატია საზოგადოებაში. რამდენადაც აწევს ივანიშვილი ფსონებს, იმდენად უნდა გავყვეთ, ვინაიდან ამჯერად შულერი თავის თამაშს ვეღარ გვახვევს და ჯეკპოტი საქართველოს დარჩება.

ამიტომ საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს. მორალურ დისკომფორტს შევუქმნით დანაშაულებრივი რეჟიმის საყრდენებს.

რეპრესიები იქნება, მეც ვარ მზად ამისთვის, მაგრამ ეს იქნება შემოდგომის ბუზების კბენა, ვინაიდან საქართველო არაა რუსეთი და მომავალი საქართველოსია“, – წერს სააკაშვილი.