უცხოეთი
მაიკლ კარპენტერი - შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას - ეს ორი რამ თავსებადი არ არის - გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს; ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.

„ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

ჩვენ გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავთ თუ არა სანქციებს ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვერ გავახმოვანებ რაიმე ახალს დღეს თქვენთან. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის ზომებს. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა, ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა“, - განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის არსებითი საქართველოსთვის.

„თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კანონი ნაწილია ოქტომბრის არჩევნებამდე მიმავალი კლიმატისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს დემოკრატიულ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ.

ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატო-სა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კარპენტერმა.

interpressnews.ge