საზოგადოება
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ იმის გამო, რომ იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სანქციები იმის გამო დაუწესდეთ, რომ თავიანთ ქვეყანაში კონკრეტულ კანონს იღებენ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ევროკავშირის მხრიდან პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეს, უბრალოდ, შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და, ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ, და რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.