საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. „საქსტატის“ მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. კერძოდ, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.
საქართველოში სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი ორი ფაქტორით გამოითვლება: ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება, რომელიც აუცილებელია ოჯახის მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, და სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა, რომელიც, მსოფლიო ბანკის თანახმად, დღეში 2.15 აშშ დოლარს შეადგენს.
2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0% (-2.5 პროცენტული პუნქტი). ამასთან, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2%-ს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.
ჯინის ინდექსი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჯინის კოეფიციენტი, არის შემოსავლის ან სიმდიდრის უთანასწორობის სტატისტიკური საზომი ქვეყანაში ან სოციალურ ჯგუფში, რომელიც მერყეობს 0-დან 1-მდე (ან 0%-დან 100%-მდე). ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, ხოლო 1 კი უთანასწოროს, სადაც ერთი ინდივიდუალური პირი ან ოჯახი ფლობს მთელ შემოსავალს ან სიმდიდრეს.