საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას ვან ის მადლობა გადაუხადა პეკინის გადაწყვეტილების გამო, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ლავროვმა მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დაბალანსებული და თანმიმდევრული პოზიციისთვის, რომლის მიხედვითაც პეკინმა გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის კონფერენციაზე“, რომელიც არ გულისხმობს რუსეთის თანაბარუფლებიან მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო ინიციატივისა და მიმდინარე რეალობის სამართლიან გათვალისწინებას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართეს.
interpressnews.ge