სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობას საკუთარ ვალად თვლის და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მოუწოდებს, „რუსეთ-საქართველოს მეგობრობა ერთობლივად აღადგინონ“.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა კი აღნიშნა, რომ „ლოცვითა და შრომით ხალხებს, ერებსა და, განსაკუთებით, ერთმორწმუნე ერებს შორის მშვიდობა აღდგება“.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას საქართველოს პატრიარქის თანამდებობაზე. თქვენ, ერთი მხრივ, ახალი ეპარქიების გახსნის, სასულიერო პირთა ხელდასხმის, ტაძრების ამოქმედების, უამრავი ხალხის რწმენისკენ მობრუნების, ქართველი ხალხის ცხოვრებაში ქართული ეკლესიის უდიდესი როლის აღდგენის სასიხარულო მისია გხვდათ წილად, მეორე მხრივ კი, უდიდესი წუხილი და უდიდესი ძალისხმევა ეკლესიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ბრძანა პატრიარქმა კირილმა.
საქინფორმი