პოლიტიკა
ჯონ ბასი: „აშშ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს უფლებისა – თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი“

john_bass5აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არ ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკა ჩიხში შევიდა.

როგორც ბასმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, გადატვირთვის პოლიტიკა მუდამ ისეთ სფეროებს ეფუძნებოდა, სადაც რუსეთსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი ორივე ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამასთან, გადატვირთვა აშშ-ის ინტერესების საზიანოდ არ ხდება.

ამის მაგალითად ჯონ ბასმა მოიყვანა ვაშინგტონის ურთიერთობა საქართველოსთან, რომლის გამოც აშშ-სა და რუსეთს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ელჩმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას – თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.

გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა თბილისში აშშ-ის საელჩოსთან 2010 წლის 22 სექტემბერს მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან კავშირი დაადასტურა. შესაბამისი ინფორმაცია გამოცემას აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გააცნეს. მათი მოსაზრებით, ამ ფაქტმა შესაძლოა, აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკა შეაჩეროს.

 

საქინფორმი