აქტუალური
წალენჯიხაში ახალი მღვიმეები აღმოაჩინეს

mgvime5როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანის თემში ხუთი ახალი მღვიმის სათავე აღმოაჩინეს. სპელეოლოგების 5-კაციანი ჯგუფი ელგუჯა ჯამრიშვილის ხელმძღვანელობით წალენჯიხის სოფლებში ორ დღეს მუშაობდა. ჯგუფმა მოინახულა სოფელ ჩქვალერში მდინარე ინწრის სათავესთან არსებული მღვიმე, მეცნიერთაგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.

სპელეოლოგების აზრით, მედანისა და ინწრის ერთ სიბრტყეზე მდებარე მღვიმეები დიდ შესწავლას საჭიროებს. ამ ეტაპზე სპეციალისტებმა მღვიმეები ზედაპირულად დაათვალიერეს. დიდი სპელეოლოგიური ექსპედიცია კი შემოდგომაზე იგეგმება.

წალენჯიხის გამგეობაში განმარტავენ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ კვლევებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტიც დააფინანსებს. თუმცა ჯერ ექსპედიციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა არ შედგენილა.

ადგილობრივ მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მედანისა და ინწრის მღვიმეები დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელი იქნება.

 

საქინფორმი