პუბლიკაციები
ნანა კაკაბაძე: არ გამიკვირდება, თუ კანონში იმასაც ჩაწერენ, რომ პოლიციელი უფლებამოსილია, ადამიანებს სახლებში შეუვარდეს და ოჯახები დააწიოკოს

 “პოლიციის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომელიც სამართალდამცავთათვის “გონივრული ეჭვის” საფუძველზე, მოქალაქის შეჩერებისა და ზედაპირული ჩხრეკის უფლების მინიჭებას გულისხმობს, “საქინფორმს” ესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ნანა კაკაბაძე.

 – ქალბატონო ნანა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ სამართალდამცავთა უფლებების გაზრდის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტში შავით თეთრზე წერია, რომ „პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე და რაში მდგომარეობს ამ ცვლილებების მთავარი არსი?

– ამჟამად ჩვენს კანონმდებლობაში შედის ცვლილებები, რომელსაც აბსოლუტურად სხვა გზით მიჰყავს ქვეყანა, რათა დეკლარირებული დემოკრატია, რაზეც ხელისუფლება ყბადაღებული საუბრობს და მეორეც – ის რეალობა, რომელშიც სინამდვილეში ვიმყოფებით, არის პოლიციაზე დამყარებული დიქტატურა, რეჟიმი, რომელიც შემოიჭრა აბსოლუტურად ყველა სფეროში და რომელიც შთანთქავს ყველაფერს.

რაც შეეხება „პოლიციის შესახებ კანონში“ შეტანილ ახალ მუხლებს, არ ვიცი, ამ პროექტის ავტორები როგორ ასხვავებენ ერთმანეთისგან გონივრულსა და უგუნურ ეჭვებს, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია, ამ კანონის მიხედვით, ჩვენს ე.წ. სამართალდამცავებს ენიჭებათ შეუზღუდავი უფლებები და კაცმა არ იცის, რომელი პოლიციელი როგორ გამოიყენებს ამ უფლებებს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება დღითიდღე უკონტროლო ხდება, თუმცა პირადად ჩემთვის ამ კანონის მიღება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქვეყანაში, სადაც პოლიციური რეჟიმი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს შეეხება, ასეთი რამ ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს...

– ისე, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას ეს კანონი, როცა პოლიცია უამისოდაც „მშვენივრად“ ახერხებდა მოქალაქეების ჩხრეკას...

– ამ კანონის შემოღების აუცილებლობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ამის გარეშე პოლიციელი მოქალაქეს ვერ ჩხრეკდა, არამედ დღეს, უბრალოდ, ხელისუფლება ცდილობს, დააკანონოს და კონსტიტუციის ჩარჩოებში მოაქციოს ყველა ის ქმედება, რასაც დღემდე კანონდარღვევით სჩადიოდა. თანაც ამას საჭიროების მიხედვით აკეთებენ. მაგალითად, შარშანდელი ოთხთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანეს, რომ ლამის ქვეყანაში მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვა კანონით აიკრძალა. ასევე მოირგეს და თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით გადააკეთ-გადმოაკეთეს საარჩევნო კანონიც და მთლიანად კონსტიტუციაც... ერთი სიტყვით, მთელი ე. წ. ცვლილებები კანონმდებლობაში გათვლილია იმაზე, რომ, რაც უნდა უმსგავსობა ჩაიდინოს ხელისუფლებამ, საზოგადოება ყველაფერს შეხვდეს მშვიდად, აუღელვებლად და ხალხმა ჩათვალოს, რომ ყველაფერი, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აკეთებს, კანონიერია...

–ისე, სხვა რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს „გონივრული ეჭვის“ მსგავსი რაიმე კანონი?

– ყოველ შემთხვევაში, იმ ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს, არსად ასეთი კანონი არ მოქმედებს და არც არასდროს ყოფილა. ეს არის გაუგონარი, ყოვლად უპრეცენდენტო შემთხვევა და სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როცა იგივე დემოკრატული დასავლეთის ლიდერებიც ამაზე თვალს ხუჭავენ. ერთადერთი, ვისაც ამ ხელისუფლებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, სწორედ ისინი არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის მთავარი პოლიტიკაა და არა ის ღირებულებები, რომლებსაც საქვეყნოდ ქადაგებენ – დემოკრატია და ადამიანის უფლებები... სხვათაშორის, ამ ლიდერებმა თავის დროზე საკმაოდ ბევრი იღვაწეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება დასუსტებულიყო და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც მიზანს – დღეს ქართველი ხალხი მთლიანად მოწყვეტილია ხელისუფლების კონტროლს და, შესაბამისად, ხელისუფლებაც იმას აკეთებს, რაც მოუნდება...

– იქნებ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც აქ ხდება...

– ამას ბევრი ამბობს, მაგრამ ეს აბსურდია, იმიტომ, რომ აქ არის მათი სამსახურები, საელჩოები და შეუძლებელია, ვერ ხედავდნენ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუნდაც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი იციან, მაგრამ, როგორც გითხარით, მათთვის მთავარი პოლიტიკური ინტერესებია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები კი ჩვეულებრივი სამანიპულაციო თემებია, რომლითაც საზოგადოებას თვალში მუდმივად ნაცარს აყრიან.

– რაც შეეხება ისევ „პოლიციის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს, ამბობენ, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ოქტომბრიდან ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას აპირებსო. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?

– ბოლო სამი წლის გამოცდილებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სავსებით ლოგიკურია... დღეს ხელისუფლებას საზოგადოების მიმართ პანიკური შიში აქვს. პირადად სააკაშვილს, ალბათ, ყოველ ღამე ესიზმრება, თუ როგორ ამხობენ მის ხელისუფლებას, როგორ ასამართლებენ მას და მისი გარემოცვის წევრებს. ამიტომაც ღებულობენ ახალ-ახალ კანონებს, შეაქვთ ცვლილებები კონსტიტუციაში და ცდილობენ, მუდმივი სტრესისა და ტერორის ქვეშ ამყოფონ საზოგადოება...

– იქნებ, ტერორი არაფერ შუაშია და მართლაც ობიექტური საჭიროება მოითხოვდა კანონის გამკაცრებას... თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა ვითარებაა ამჟამად საქართველოში კრიმინოგენული თვალსაზრისით?

– სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ტრაბახობენ, ჩვენი რეფორმების წყალობით ქვეყანაში დანაშაულთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდაო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ ეს ასეა, რა საჭიროა სამართალდამცავთა უფლებების ესოდენ უსაზღვროდ გაზრდა და კანონის გამკაცრება, მით უმეტეს, როგორც სააკაშვილი აცხადებს ხოლმე, თუ პოლიციას საზოგადოების ოთხმოცი პროცენტი ენდობა?! საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კრიმინოგენული ვითარება, მისი მთავარი ამოცანა ის არის, რომ საზოგადოებას უთხრას, კანონი ჩემს ხელთაა, ძალაუფლებაც მე მაქვს და წყნარად იყავით, თორემ შავ დღეს დაგაყრითო. სამწუხაროდ, საზოგადოებაც მორჩილად იტანს ამ ყველაფერს და ნაწილობრივ, ალბათ, ამითაც არის ხელისუფლების თავგასულობა, თვითნებობა განპირობებული...

– საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებში რამდენად ჯდება ეს კანონი?

– არავითარი სამართლებრივი ნორმები, ეს არის ანტიკონსტიტუციური ანომალია, რომლის მსგავსიც არ არსებობს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. ჩაიხედონ ერთი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში და ნახონ, როგორაა განმარტებული სიტყვა ეჭვი. იქნება გაუნათდეთ კიდეც გონება და მიხვდნენ, რომ ეს არ არის რაღაც კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული მოტივი, რის საფუძველზეც შეიძლება ადამიანი შეაჩერო და გაჩხრიკო, თუმცა ეს ისედაც კარგად იციან...

–რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის შემოღებას? ანუ როგორ აისახება რეალობაში ეს ცვლილება?

– შედეგები იქნება ის, რომ მივიღებთ ათმაგად და ოცმაგად უფრო მოძალადე პოლიციას. გაიზრდება პატიმართა რაოდენობა და თითოეულ მოქალაქეს მუდმივად ექნება შიში, ვაი თუ ქუჩაში გავიდეს და შინ დაბრუნების ნაცვლად საპყრობილეში ამოჰყოს თავი. ეს ე. წ. კანონი ამის ყველანაირ პირობას ქმნის, იმიტომ, რომ მასში წერია, პოლიციელი უფლებამოსილია, გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქე გაჩხრიკოსო, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ისედაც გათამამებული სამართალდამცავებისთვის იმის ჩანერგვა, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფრის უფლება აქვთ.

– მაინც მგონია, რომ ეს კანონი ოპოზიციურ ძალებზე ზეგავლენის მოსახდენად უფროა მიღებული, ვიდრე რიგით მოქალაქეებზე.

– იცით რა, როცა პოლიციელს კანონში ჩაუწერ, ვინც გინდა დაიჭირე, ყველაფერი შენზე და შენს გონივრულ ეჭვებზეა დამოკიდებულიო, მერე ამ პოლიციელისგან მართლა ყველაფერია მოსალოდნელი. ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ რომელიმე მათგანში პატრიოტიზმის გრძნობა გაიღვიძებს და უარს იტყვის თავის სამსახურზე. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უკვე საკმარისად შეაღწია მათ გულებში და სამარადჟამოდ მოაჯადოვა თითოეული პოლიციელი...

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ რა შეიძლება დაუპირისპიროს ხელისუფლების მოქმედებებს? რა შესაძლებლობები რჩება ხალხს თუნდაც ამ ე. წ. „გონივრული ეჭვის“ კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად?

– მე არა ერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, თუ საზოგადოება ისევ ცოცხალია, თუ ხალხს, ერს შესწევს იმის ძალა, რომ ხმა აღიმაღლოს და აღსდგეს ამ ტოტალური უკანონობის, რეჟიმის წინააღმდეგ, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. სხვა გზა და გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არსებობს, ვინაიდან საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ამათ შემყურეს არც ის გამიკვირდება, თუ ხვალ და ზეგ კანონში იმასაც ჩაწერენ, რომ პოლიციელი უფლებამოსილია, ადამიანებს სახლებში შეუვარდეს და ოჯახები დააწიოკოსო. სამწუხაროდ, მაგრამ ეს რეალობაა და თუ ამ რეალობას ახლო ხანებში ვერ შევცვლით, მე პირადად ქვეყნის მომავალს ვერ ვხედავ...