საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს მასშტაბით რიგი საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ადმინისტრაციაში სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალებასთან საუბარში წყაროები აღნიშნავენ, რომ დახურვის საფრთხე ემუქრება საკონსულოებს გერმანიასა და საფრანგეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა საკონსულოებისგან ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.
NBC News-ის ინფორმაციით, შესაძლო დასახურთა ჩამონათვალშია საკონსულოები ევროპაში, კანადაში, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა განიხილა საკონსულოების სია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
ზოგიერთი საკონსულო გადახედვის ქვეშ დააყენეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც სთხოვეს, შეეფასებინათ მათი შესაბამისობა ტრამპის დღის წესრიგთან – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.