პუბლიკაციები
რა მოხდა წმიდა სინოდში?!

sinodi2 რა შეიცვალა სინოდის სხდომის შემდეგ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში და არსებობს თუ არა დღეს ის საფრთხეები, რის გამოც პატრიარქი ამ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვდა? ამ შეკითხვით წმიდა სინოდის წევრებს მივმართეთ.

მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა), ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი: – ხალხში არის შიში იმისა, რომ ამ კანონს მოჰყვება ქართველი ერისა და ქართული ეკლესიისათვის საშიში შედეგები. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არანაირი საშიშროება ამ კანონში არ არის, ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ დასავლეთში ჩვენ გამოვჩნდეთ როგორც უფრო დემოკრატიული ქვეყანა. პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, მე ვიტყვი ერთ რამეს. 200 წელიწადია, რაც ბორჯომი არსებობს. ამ 200 წლის განმავლობაში ბორჯომის ცენტრში იეღოველთა სახლი არასოდეს ყოფილა. ახლა შუაგულ ბორჯომში არის იეღოველთა სახლი, არავინ მათ არ უშლის, მითუმეტეს, ჩვენ მათ არ ვუშლით და ვერც შევუშლით. ფაქტი ისაა, რომ იეღოველებს აქვთ უფლება, ქალაქის ცენტრში ჰქონდეთ ასეთი წარჩინებული ნაგებობა, რომელსაც ეწოდება სამეუფო სახლი. მეორე მხრივ, ვიცი ისიც, რომ მე არავინ დამრთავს ნებას, ევროპის რომელიმე ქალაქში ავაშენო მართლმადიდებლური ტაძარი. ეს ფაქტია! მე მაშინაც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ამ კანონის მიღება ასეთი დაჩქარებული წესით მანამ, სანამ სინოდი იმსჯელებდა, არ იყო გონივრული ნაბიჯი. სინოდის შემდეგ პატრიარქმა ბრძანა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ჩვენ ვიცით და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები არც მალავენ, რომ აქვთ პრეტენზიები ქართულ ეკლესიასთან.

ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ მორწმუნე საზოგადოებაში არის საშიშროების განცდა და დაძაბულობა. ჩვენ გვესმის მორწმუნე საზოგადოების მიერ ეკლესიისა და პირადად ჩვენი, მღვდელმთავართა, განკითხვა. არადა, სულ ორიოდე თვის წინათ მახათას მთაზე ერთად იდგა ერი და ბერი, იყო უდიდესი სულიერი აღმავლობა, ათონის წმინდა მთიდან ბერები ჩამოვიდნენ და ერთად ვიზეიმეთ უდიდესი ისტორიული ფაქტი – ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავანის მშენებლობის დაწყება. ამ ფაქტიდან ორ თვეში ერი კიცხავს ბერს, გაჩნდა უნდობლობა. ამიტომ მე მიჩნდება ეჭვი, ეს ყველაფერი ხომ არ გაკეთდა შეგნებულად, ერისა და ბერის დასაპირისპირებლად?

თქვენ ბრძანებთ, რომ მორწმუნე საზოგადოებისგან გესმით საყვედურები. ალბათ, იცით, რომ ეს გამოიწვია სინოდის განჩინებამ, სადაც არ დაფიქსირდა კანონზე ვეტოს თხოვნა, რასაც მანამდე პატრიარქი ითხოვდა...

საზოგადოებაში არასწორად არის გავრცელებული აზრი, რომ სინოდის წევრთა ნახევარი წავიდა პატრიარქის წინააღმდეგ. ასეთი რამ არ ყოფილა. აზრი გაიყო კერძო იურისტის მოსმენასთან დაკავშირებით, თანახმაა თუ არა სინოდი, მოუსმინოს სინოდის სხდომაზე შემოსულ კერძო იურისტს? კენჭისყრა მოხდა სწორედ ამ საკითხზე. მინდა, იცოდეთ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არავინ გამოსულა, პატრიარქი სინოდში ყველას უყვარს. რაც შეეხება ამ კანონთან დაკავშირებით პატრიარქის მკვეთრ განცხადებას და სინოდის შემდგომ მოწოდებას სიმშვიდისკენ, უწმიდესმა ჩათვალა, რომ ჯობდა, არ გაემწვავებინა მდგომარეობა, რადგან ეს უფრო საშიში იყო. მე პირადად მჯერა უწმიდესის, უწმიდესის სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ჩემთვის გულდასაწყვეტია საზოგადოების ასეთი საყვედურები, უნდობლობა, რომელიც აშკარად გამოჩნდა. თუმცა მე მესმის მათი  ჩვენ უნდა უფრო მეტად დაველაპარაკოთ ხალხს, უნდა ავუხსნათ მათ, რომ სინოდზე არ დამდგარა პატრიარქის დაჯერება-არდაჯერების საკითხი. ვიმეორებ, კამათი იყო იურისტის მოსმენასთან დაკავშირებით. მე ხშირად ვსაუბრობ მრევლთან, მირეკავენ კიდეც, გამოთქვამენ საყვედურს, პირდაპირ მომთხოვეს, უთხარით პატრიარქს, მოუწოდოს მრევლს და გამოვალთ გარეთო. მე მათ ვეუბნები, არ არის პატრიარქი ის ადამიანი, რომელიც ამგვარ მოწოდებას გააკეთებს. მე რომ ვიცი უწმიდესის მოკრძალება, ვიცი თავმდაბლობა და სიყვარული თითოეული ადამიანის მიმართ, უწმიდესი ამას არ იტყვის. მეკითხებიან, რატომ არ იტყვისო? იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი არის ილია მეორე და არა ვინმე სხვა.

მე ჩემს მრევლს ავუხსენი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. თუ ჩვენ რომელიმე სექტა ან რელიგიური ჯგუფი მოგვთხოვს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მიწა-წყალს გაყიდიან საეჭვო წარმომავლობის ჯგუფებზე, მათ მიეცემათ ისეთი უფლებები, რომელიც უტოლდება ჩვენსას, თუ სექტები და სხვა ჯგუფები მოითხოვენ, რომ მშენებლობა ბიუჯეტმა დააფინანსოს, აგერ ხართ თქვენ – ხალხი და აგერ ვართ ჩვენ – ეკლესია! ჩვენ ხელგვეწიფება, ერთად წინ აღვუდგეთ იმას, რაც არ არის ჩვენი ერისთვის მისაღები, ცხადია, აქ არ იგულისხმება ეკლესიისთვის პოლიტიკური ფუნქციის მინიჭება. სხვათაშორის, ბევრი ცდილობს, რომ ეკლესია ჩაითრიოს პოლიტიკაში და ეკლესიას გააკეთებინოს პოლიტიკური მოწოდებები. მაშინ ჩვენ გამოვალთ მღვდელი გაპონის როლში, რომელმაც 1905 წელს მოუწოდა ხალხს, გამოსულიყო ნიკოლოზ მეორეს წინააღმდეგ. ხალხი გამოვიდა და მთავრობამ მათ მოუწყო სისხლიანი 9 იანვარი. ჩვენ ვერ გავხდებით მღვდელი გაპონი. ეს არის ჩემი პასუხი იმ აღშფოთებული მრევლისათვის, რომელიც არ ეთანხმება სინოდის ამ რბილ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა დღეს საშიშროება ამ კანონთან მიმართებაში. დღეს საშიშროება არის. ეკლესია არ არის რევოლუციების მომწყობი, მიტინგებზე ხალხს ვერ დაუძახებს, მაგრამ ვიყოთ ფხიზლად. ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა?! თუ დაგვჩაგრავენ და წაგვართმევენ ეკლესიას (რაც არ მინდა, დავიჯერო), ჩვენც არ ვისხდებით გულხელდაკრეფილი. პირადად მე ვიღებ მაგალითს უწმიდესისგან. ჩვენი ეკლესიის სათავეში რომ იყოს იმპულსური და ემოციური ადამიანი, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ბარიკადებზე, მაგრამ ჩვენ გვყავს ღმერთისგან მოვლენილი ადამიანი, უაღრესად მოსიყვარულე, უაღრესად ფრთხილი. ჩვენ რომ გვყავდეს ისეთი პატრიარქი, როგორიც იყო მელქისედეკ მესამე, რომელიც ძალიან მკაცრი იყო, ამ 20 წლის მანძილზე სულ სასჯელებში ვიქნებოდით. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ლელიკო ჯაფარიძეს და ბევრ რამეში ვეთანხმები მას, მაგრამ ის რომ მოუწოდებს პატრიარქს, ვიღაცები დასაჯოს, ეპისკოპოსები განკვეთოს, ეს არასწორია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მოქმედებებით გამარჯვებული და გახარებული იქნებიან მხოლოდ ნეობოლშევიკები. კიდევ ვიმეორებ, სინოდში არ მეგულება ისეთი ეპისკოპოსი, ისეთი მღვდელმთავარი, რომელსაც უნდოდეს, ჩვენი უწმიდესის წინააღმდეგ რაიმე გააკეთოს. მე ამის არ მჯერა.

დაბოლოს, 1 აგვისტოს იყო წმიდა სერაფიმე საროველის დღე. ეს არის უდიდესი წმინდანი, რომელიც აღიარებს, რომ ქართველი ერი და ქართული ეკლესია არის ღვთისმშობლის წილხვედრი. შესაბამისად, ის, ვინც შეეხება ქართველებს, შეეხება ღვთისმშობელს. შეგეწიოთ წმიდა სერაფიმე და ყველა წმინდანი! დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა!

მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი), მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი: – საშიშროება, რა თქმა უნდა, მაინც არსებობს. მართალია, კომისიებს ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ. როგორ იმუშავებენ, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას შემოგვთავაზებენ, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ამთავითვე ვიტყვი, თუ რაღაც დამცავი მექანიზმი არ შეიქმნა და ეს არ გაფორმდა დოკუმენტურად, როგორც იურიდიული ძალის მქონე აქტი, მაშინ კომისიების მუშაობით საფრთხეს თავიდან ვერ ავიცილებთ. ის დაპირებები, რაც იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები არ შეილახება, უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად.

მეუფე ექვთიმე (ლეჟავა), გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი: – ინტერვიუს არ ვიძლევი.

მხოლოდ ერთი შეკითხვაა.

– გაზეთში ხომ უნდა დაბეჭდოთ, ე.ი. ინტერვიუა. ვერ დაგელაპარაკებით.

მეუფე იაკობი (იაკობიშვილი), გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი: – ის, რაც გაზეთებში ბოლო დროს სინოდის სხდომასთან დაკავშირებით დაიწერა, არის ტყუილი. აბსოლუტური ტყუილი. უნდა გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ, ფრთხილად უნდა იყოთ, თორემ შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი: – საფრთხეების მთლიანად მოხსნა შეუძლებელია. სინოდის სხდომის შედეგად მიღებული განჩინების შემდეგ მოხდა ხელისუფლების პოზიციის განმარტება და დაკონკრეტება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. როგოც ბოთლიდან გამოშვებული ჯინის ბოთლში დაბრუნება, ისე ამ საკითხის უკან დაბრუნებაც შეუძლებელია არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გამო, არამედ იმ სერიოზული საერთაშორისო ზეწოლის გამოც, რაც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ საკითხებზე წინასწარ რომ ჰქონოდა მსჯელობა უწმიდესთან და სინოდის წევრებთან, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, ანუ ჩაგვაყენეს მხოლოდ რეაგირების მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, სინოდის მხრიდან გაკეთდა ის, რაც მაქსიმალურად შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

მინდა გითხრათ, რომ სინოდი განჩინების მიღებისას ერთსულოვანი იყო პატრიარქთან ერთად და სრული სიცრუეა, თითქოს, უწმიდესის გადაწყვეტილებით არ მიღებულა ეს განჩინება. სინოდმა ერთსულოვნად მიიღო ეს გადაწყვეტილება და იქ არ ყოფილა არანაირი კენჭისყრები. ეს არის სიცრუე იმ დილეტანტებისგან, რომლებიც აზრზე არ არიან, რა ხდება სინოდზე. ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რაც შეიძლება, ამ სიტუაციაში გვქონოდა. როგორც გითხარით, სინოდი იძულებული გახდა, მოეხდინა რეაგირება უკვე მიღებულ კანონზე, იმიტომ, რომ მანამდე არავინ ჩაგვაყენა საქმის კურსში. აი, ეს მომენტი იყო ყველაზე რთული. მე გული მტკივა, რომ მოგვიწია იმ სიტუაციაში აღმოჩენამ, როცა პოსტფაქტუმ ვრეაგირებთ გარკვეულ ფაქტებსა და კანონებზე. თუ დააკვირდებით სინოდის განჩინებას, იქ არის ჩასმული ისეთი საკითხები, რომელიც შესაძლოა, არ არის პარლამენტისგან მიღებული იურიდიული დოკუმენტის დონის, მაგრამ ხელისუფლებას ზღუდავს არასწორი მოქმედებების ჩადენისგან. ამ შემთხვევაში ორ ცუდ მდგომარეობას შორის ნაკლებად ცუდი იქნა არჩეული.

მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი), მარგვეთის და უბისის მიტროპოლიტი: – გაზეთ „ასავალ-დასავალში“ და სხვა გაზეთებში დაიბეჭდა, თითქოს სინოდში არიან პატრიარქის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მინდა, გითხრათ გულწრფელად, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. სინოდის სხდომაზე საერთოდ არ დასმულა არცერთი საკითხი, რომელზეც დაისმებოდა შეკითხვა – ვინ არის მომხრე და ვინ არ უჭერს მხარს? გულწრფელად მაინტერესებს, რატომ დასახელდნენ ის მღვდელმთავრები პატრიარქის მოწინააღმდეგეებად და რატომ დავსახელდი მე პატრიარქის მოწინააღმდეგეთა სიაში? ეს მე მაოცებს. არა გაქვთ უფლება, რომ ეს დაბეჭდოთ ასე. რატომ ვარ მე პატრიარქის მოწინააღმდეგე? თქვენ, ჟურნალისტებს, გაქვთ უფლება, არ მიუთითოთ წყარო და ამით სარგებლობთ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

მე სწორედ ამიტომ გეკითხებით თქვენ, რომ თქვენი აზრი გავიგო ამ კანონის შესახებ და თქვენგან გავიგო, რა მოხდა სინოდის სხდომაზე...

– სინოდზე პატრიარქის მიერ არცერთი საკითხი არ დასმულა ისე, რომ კენჭი ეყარათ, ვინ არის ამის მომხრე და ვინ არის წინააღმდეგი. პირიქით, მოხდა აწ განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორეს კანონიზაცია. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც პატრიარქმა დააყენა და გავიდა. თუმცა შეიძლება, სხვა დროს ვერ გასულიყო, მაგრამ ისე იყო ხალხი დაძაბული, რომ ასე ადვილად გავიდა ეს საკითხი.

კიდევ ვიმეორებ, სხვა არავითარი საკითხი, ვინ არის მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, არ ყოფილა და მე მაოცებს, რატომ ხდება, რომ ასეთი რამ იწერება?

კენჭისყრა სინოდის ოქმთან დაკავშირებით არ ყოფილა?

– სინოდის განჩინებას ყველამ მოაწერა ხელი. არავითარი აზრის გაყოფა ამ ოქმთან დაკავშირებით არ ყოფილა. პარლამენტმა მიიღო კანონი და მორჩა, სინოდს რა შეუძლია? სინოდი ხომ ვერ იტყოდა, ეს როგორ ჩაიდინეს, პარლამენტის სხდომაზე გავიტანოთ საკითხიო?! რა თქმა უნდა, სასულიერო პირებისთვის აზრი უნდა ეკითხათ მანამდე, სანამ კანონს მიიღებდნენ, შეთანხმება უნდა ყოფილიყო მანამდე. ეს უფრო კარგი იქნებოდა ორივე მხარისთვის, მაგრამ რატომღაც მიიღეს დაჩქარებული წესით. არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, არ ვარ წინასწარმეტყველი, დრო გამოაჩენს, ეს კარგი იყო თუ არა.

მის უწმიდესობას შეუძლია განჭვრიტოს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დღეს გადადგმულ ნაბიჯს მომავალში... მან ბრძანა, რომ ამ კანონს შეიძლება მოჰყვეს პრობლემები მრავალი წლის შემდეგ!

– თუ თქვენ ასე ფიქრობთ პატრიარქზე, ჩვენ ამას მივესალმებით. თუ თქვენ ეს ასე გწამთ, მაშინ პატრიარქს უნდა მოუსმინოთ, დაუჯეროთ. ეს უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. როცა ქვეყანას ჰყავს ასეთი ბრძენი ადამიანი, ეს ღვთის დიდი წყალობაა და თუ მას ერი მოუსმენს, ღვთის წყალობაც არ მოგვაკლდება, კარგი პერსპექტივა გვექნება მომავალში. ახლა მე მეშინია, არ მოხდეს რელიგიური შუღლის გაღვივება.

მეუფე ანტონი (ბულუხია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი: – თქვენც გეცოდინებათ, რომ 3 კომისიაა შექმნილი და ერთ თვეში უნდა შეიკრიბონ კომისიები, რომლებიც, ალბათ, დაადგენენ, რა უნდა გაკეთდეს და რა – არა. პირადად მე ამაში არაკომპეტენტური ვარ. ამ კომისიების წევრი არ ვარ. ჯერ ის მღვდელმთავრებიც არ არის დადგენილი, ვინც ამ კომისიებში იქნება. 3 მღვდელმთავარი უნდა იყოს თითო კომისიაში. ერთ თვეში გადაწყდება ეს ყველაფერი.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კომისიების შექმნა თავიდან აგვაცილებს იმ საფრთხეებს, რაზეც პატრიარქი საუბრობდა?

– სხვა რა უნდა ვქნათ? კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც იმსჯელებს ყველა პრობლემურ საკითხზე. სიმართლე გითხრათ, ერთი თვე დიდი ვადა მგონია, მაგრამ ასე დაადგინეს.

საუბრობენ იმაზე, რომ სინოდის სხდომაზე განჩინებასთან დაკავშირებით მღვდელმთავართა აზრი ორად გაიყო.

– ძალიან მაინტერესებს, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. საერთოდ, კენჭისყრა ამ საკითხზე არ ყოფილა. რა კენჭისყრა, რა – 18, რა – 20? ჩვენც გვკითხეთ, როდესაც რაღაცას წერთ. ვიღაცამ რაღაცა რომ თქვა, გადაამოწმეთ. იქნებ, პროვოკატორია ის ვიღაცა? პატრიარქმა იტირაო. საიდან მოგაქვთ ეს? მე მაინტერესებს, ვინ არის ამის მიღმა და რა არის ამის დანიშნულება? კენჭისყრა მხოლოდ და მხოლოდ იყო იმასთან დაკავშირებით, მოგვესმინა თუ არა ერთ-ერთი იურისტისთვის, რომელიც შემოვიდა სინოდის სხდომაზე. სხვა საკითხზე კენჭისყრა არ ყოფილა. ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ და რაც გადავწყვიტეთ, აისახა სინოდის განჩინებაში. პატრიარქი მამა არის ჩვენი და ვინ გამოვა პატრიარქის წინააღმდეგ? ვის სჭირდება ამის ლაპარაკი?

ერთ გაზეთში დამიწერეს, თითქოს მე და რამდენიმე მღვდელმთავარმა დავიბარეთ პატრიარქი წყნეთში და ვუთხარით, გადადექიო. მე შევხვდი ამ გაზეთის რედაქტორს და ვუთხარი, შენგან გავიგე, იმხელა პიროვნება ვყოფილვარ, რომ თურმე პატრიარქის დაბარება შემიძლია-მეთქი. პატრიარქის სადმე დაბარება კი არა, 4 წელია, ვოცნებობ, რომ პატრიარქი ვანში ჩამობრძანდეს, ისე მინდა, რომ ეპარქიაში მესტუმროს. მითხრა, მე პატრიარქის გულისთვის თავს დავდებო. თუ პატრიარქი ისე გიყვარს, რომ მის გამო თავს დადებ, როგორ ფიქრობ, ამ სტატიამ პატრიარქი არ შეურაცხყო-მეთქი? საიდან მოგაქვთ ასეთი რაღაცები, ვის აწყობს ამ დაძაბულობის შემოტანა? ყველანი შევციცინებთ პატრიარქს თვალებში.

მისი უწმიდესობა ითხოვდა კანონისთვის ვეტოს დადებას, სინოდის განჩინებაში კი ამაზე არაფერი თქმულა...

– მე გეტყვით, როგორ იყო ეს. ჩვენ მოვუსმინეთ იურისტთა ჯგუფს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩვენ ვითხოვეთ განმარტება, რა საშიშროებას შეიცავს ეს კანონი. ზოგადად, საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იყო მეფის რუსეთი, იყო პატრიარქი. მოვიდნენ კომუნისტები, ჩამოაგდეს მეფე და გააუქმეს ეკლესია. ასეთი საშიშროება ყოველთვის არსებობს. შეიძლება, კაცმა დაიძინოს ქრისტიანად და გაიღვიძოს მუსლიმანად. ესეც საშიშროებაა და როგორ შეგვიძლია, ავიცილოთ თავიდან? ერთი სიტყვით, ჩვენ ვითხოვეთ, განემარტათ კონკრეტული საშიშროება, რაც ვერავინ განმარტა. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ის განჩინება. ვერცერთმა იურისტმა ვერ ახსნა კონკრეტული საშიშროება, მსჯელობდნენ ზოგად რაღაცებზე. 10-20 წლის შემდეგ რა მოხდება, ვინ იტყვის ამას. 10-20 წლის მერე კი არა, ხვალ შეიძლება, დიოკლეტიანე მოვიდეს. ამიტომ ვამბობ, ზოგადად საშიშროება ყოველთვის არსებობს და ამის გამო არ ღირს ხალხის დაძაბვა. თუ იქნება საშიშროება, წინ დავუდგებით ყველა, აბა, სად წავალთ? იქნება კონკრეტული საშიშროება, შევიკრიბებით ყველა და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მართლმადიდებლები არა ვართ? 30 წლის მერე საშიშროება იქნებაო და ახლა ავტეხოთ ამის გამო ამბავი, ეს არ არის მართებული.

მეუფე აბრაამი (გარმელია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი: – ვერ გეტყვით ვერაფერს.

რატომ ვერ გვეტყვით?

– მგონი, ქართულად გესაუბრებით... ვერ გეტყვით (ტელეფონი გათიშა).

მეუფე პეტრე (ცაავა), ჭყონდიდის მიტროპოლიტი: – უკაცრავად, პანაშვიდზე ვარ, ვერ დაგელაპარაკებით.

როდის შეიძლება დაგიკავშირდეთ?

(ტელეფონი გათიშა).

მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი: – არ ვინებებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. არავითარ შემთხვევაში!

 

ესაუბრა თეა ასათიანი

www.asavali.ge