პოლიტიკა
ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების შეფასებები ექსპერტთა კლუბის მიერ

eqspertta-klubiთბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. ექსპერტთა კლუბი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ამ მოვლენებში ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების როლზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელ წლებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების ტრადიციად ქცეული ე.წ. „საზაფხულო" გააქტიურება, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

კვლავ მოწმენი ვართ ქვეყნის პარლამენტის, მთავრობის, ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ სუბიექტური, ნაჩქარევი, საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღების და შესაბამის ქმედებათა ინტენსიური პროცესის.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ზაფხულს ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საზოგადოების აქტიური პროტესტი იმ ცალკეული უსამართლო ნაბიჯის აღსაკვეთად, რომელთა ნაკლებობა კვლავ არ იგრძნობა ხელისუფალთა რიტორიკასა და ქმედებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები ინდივიდუალურ რეჟიმში საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა მტკივნეული საკითხის შეფასებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში კლუბი შემოიფარგლა შიდა დისკუსიებით, განხილვებით და თავი შეიკავა კლუბის ერთობლივი პოზიციის გავრცელებისგან.

ამჯერად, რაოდენობრივად და თვისობრივად (და არა ფინანსურად) გამდიდრებული დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი უბრუნდება საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე თემაზე ერთობლივი პოზიციის საჯაროდ გაჟღერების, საჯარო დისკუსიებისა და პროფესიული განხილვების ჩვეულ პრაქტიკას და დღეს გთავაზობთ საკუთარ შეფასებებს და ხედვებს წარმავალი ზაფხულის პერიოდში წარმოჩენილ რამდენიმე მტკივნეულ საკითხზე:

1. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხი

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელიც ისევ საპატრიარქომ დააცხრო, რათა არ დაეშვა ახალი სახიფათო სამოქალაქო დაპირისპირების ტალღის აგორება. ჩვენთვის მისაღებია ამ საკანონმდებლო ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას. ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ის უტაქტო ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებდა ამ კანონის მიღების პერიოდში. ეს იყო, ერთი მხრივ, უხეში ძალის დემონსტრირება საპატრიარქოსთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, ეკლესიებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის მცდელობა, რამაც უდავოდ დაასუსტა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები სხვა ქვეყანაში საკუთარი და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ამასთან, რელიგიურ და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა საკითხების ერთმანეთში აღრევის წინდაუხედავმა მცდელობამ წარმოშვა მარტივად პროგნოზირებადი, არასასურველი დაძაბულობის საფრთხე ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, რაც შესაძლოა, მხოლოდ ჩვენი რეგიონის მიმართ არაკეთილგანწყობილ სუბიექტს სიამოვნებდეს.

2. სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საკითხი

დაიწყო სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ახალი ტალღა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია ამ ობიექტებზე სერიოზული, ბიზნესზე ორიენტირებული კომერციული სტრუქტურების მოზიდვა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ პრივატიზაციის პროცესში ადგილი ექნება არაჯანსაღი უცხო პოლიტიკური ინტერესის გაჩენას, ძალიან მაღალია. შესაბამისად, ის ან უნდა შეჩერდეს, ან კანონმდებლობით იქნეს შექმნილი ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავდა ამგვარი საფრთხის გაჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვდგებით გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვის ან მისი უცხო ხელში გასათამაშებელ კარტად გამოყენების საფრთხის წინაშე. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, წარმოვადგინოთ შესაბამისი წინადადებები საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

3. დევნილთა მორიგი გამოსახლების საკითხი

კატეგორიულად მიუღებელია ის, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. გარდა იმისა, რომ საქმე გვაქვს კანონმდებლობის უხეშ დარღვევასთან, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებით არის ეს შესაძლებელი, ამ პროცესში აშკარად აქვს ადგილი ელემენტარული ჰუმანურობის პრინციპების, აგრეთვე, სიცოცხლის და არსებობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების დარღვევას. კანონდარღვევები გრძელდება, „დევნილთფობიით“ შეპყრობილი ხელისუფლება კი არ თვლის საჭიროდ დამნაშავეთა გამოვლენას.

4. პენიტენცია სისტემაში შექმნილი ვითარება

ქართული სახელმწიფოს დღევანდელი პრიორიტეტული სამართლებრივი მოდელი – „ნულოვანი ტოლერანტობა“, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თავისუფლებააღკვეცილ მოქალაქეთა მიმართ „ნულოვანი პასუხისმგებლობის“ ფონზე, პენიტენციარულ სისტემაში ჩამოყალიბდა სტრუქტურირებულ დანაშაულებრივ პროცესად, რომელიც, ფაქტობრივად, ფიქციად აქცევს საქართველოს კანონებს ადამიანის წამების დაუშვებლობისა და სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, ღირსეულ ადვოკატთა ჯგუფები, საერთაშორისო უფლებათდამცავი ორგანიზაციები ფლობენ ინფორმაციას არაერთი შემზარავი სადისტური ქმედების შესახებ ციხეების ადმინისტრაციის მხრიდან. ამ ვითარების შეუმჩნევლობა ხელისუფლების მიერ ბადებს „გონივრულ ეჭვს“, რომ ჯალათებს „მწვანე შუქს“ რომელიმე მაღალჩინოსანი უნთებს. რომელი?

5. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი
(
პარლამენტართა რაოდენობის ზრდა)

რეფერენდუმის (თუნდაც პლებისციტის) გარეშე, კატეგორიულად მიუღებელია პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების იმ მუხლის კანონმდებლობით დადასტურება, რომლითაც იზრდება პარლამენტის წევრთა რაოდენობა. აქ საქმე იურიდიულ კაზუისტიკაში არ არის. რომც არ ყოფილიყო არანაირი რეფერენდუმი და მხოლოდ ზეპირად გამოხატულიყო ეს აზრი, პოლიტიკოსი ვალდებულია, ხელისუფლების წყაროს, ანუ ხალხის, ნება აღასრულოს, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს ამაზე მაღალი ფასეულობა. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ყველა პარტიას, რომელიც, ერთი მხრივ, აპელირებს სამართლის არარსებობაზე ამ ქვეყანაში და, მეორე მხრივ, ხელს აწერს ასეთ შეთანხმებაზე. მათ უნდა იცოდნენ – როგორც ისინი მოექცევიან ამომრჩეველს, ისევე მოექცევა მათ ამომრჩეველი. ხელისუფლებამ კი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის დღემდე გაჟღერებული თავისი წინადადებებით ვერავინ დაგვარწმუნა, რომ მას აქვს პოლიტიკური ნება არჩევნების მომავალი ციკლის სამართლიანად ჩატარებისთვის.

6. ჯაშუშომანიის, ანუ რეპორტიორების დაპატიმრების საკითხი

პირველ რიგში, ვულოცავთ ჟურნალისტურ კორპუსს, რომ საკუთარი პროფესიული და მოქალაქეობრივი შემართებით ღირსეულ ადვოკატებსა და საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად მიაღწია შედეგს და ამხილა რა ბრალდებათა აბსურდულობა, დააფრთხო ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, რითაც გამოიხსნა ფოტორეპორტიორები სერიოზული განსაცდელისგან. მართალია, ამჟამად ვერ მოხერხდა მათი მორალური რეაბილიტაცია, მაგრამ არსებულ ვითარებაში ადამიანის ფიზიკური გადარჩენაც უზარმაზარ მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთოს მკაფიო განმარტებები ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტსაიტზე ამ თემაზე გამოქვეყნებულ ყოვლად სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. თუ მათი მხრიდან არ იქნა მიღებული ამ ჩანაწერების ნამდვილობის დასაბუთებული უარყოფა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორ უდიდეს პრობლემასთან, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, საქმის ფაბრიკაციაში და, მეორე მხრივ, უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების სატელეფონო საუბრების მოსმენაში მესამე მხარის მიერ (რაც არ არის პირველი გახმაურებული შემთხვევა). აღარაფერს ვამბობთ იმ ამაზრზენ ბილწსიტყვაობაზე, რომელსაც მინისტრი(?) აფრქვევს პრეზიდენტთან(?) ამ სატელეფონო საუბრისას.

7. თავისუფალი მედია ხელისუფლების მუდმივი სამიზნე

კატეგორიულად მიუღებელია ყოვლად გაუგებარი, ამ საქმეში გაურკვეველი პირისთვის სატელევიზიო ანძის მართვაში გადაცემა. რადგან საქმე ეხება ძალზედ სენსიტიურ დარგს, ვთხოვთ ხელისუფლებას, რათა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების მიზნით გაერკვეს და აღნიშნული პირის მხრიდან მოზიდული და მოსაზიდი ფინანსების წარმომავლობის საკითხში და საჯაროდ მოგვახსენოს ამის შესახებ; მეორე მხრივ, შექმნას მექანიზმი, რომლითაც არ გაუარესდება მომხმარებლის მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება სრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს, მინიმუმ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგ მცდელობასთან. ასეთივე მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს „კვირის პალიტრის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ერთბაშად შემოწმების საკითხი. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ აქ მაინც ეყოფათ გონიერება შესაბამის ორგანოებს და გონივრულ ვადებში გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

8. რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხი

სამწუხაროდ, ეს საკითხი ლამის უკანასკნელი მექანიზმია იმისათვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები რუსეთთან მიმართებაში. თუმცა მიმდინარე მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ გარდა ხისტი რიტორიკისა, ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ხედვა, თუ რის მიღებაა რეალურად შესაძლებელი რუსეთისგან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. პროცესი აჩვენებს, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ მოიძებნა შეთანხმების ოპტიმალური ფორმულა, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ან იძულებული გავხდებით, მივცეთ თანხმობა პრაქტიკულად „ნისიად“, ან დავრჩეთ სრულიად მარტო „დინების საწინააღმდეგოდ“ მცურავის პოზიციაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დააყენოს ამ მოლაპარაკებებში საკუთარი პოლიტიკური (თანამდებობრივი) ინტერესები სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, ორიენტირებული იყოს კონკრეტულ შედეგზე და არა გოლიათთან მებრძოლი დავითის როლზე, რომელიც, დღევანდელი რეჟისურის პირობებში, უკვე მომაბეზრებელ სამხრეთამერიკულ სერიალს ემსგავსება.

9. ელექტროენერგია+დასუფთავება

კატეგორიულად მიუღებელია დასუფთავების გადასახდელის გაანგარიშების წესის მიბმა ელენერგიის გადასახდელთან, არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქმე გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევასთან, არამედ იმიტომაც, რომ აბსოლუტურად აბსურდულია ის სოციალური რიტორიკა, რომელიც გვესმის თბილისის საკრებულოდან. დასუფთავების გადასახადი რეალურად ემატებათ არა მდიდრებს (როგორც ისინი ამბობენ), არამედ სწორედ სოციალურად დაუცველთა საკმაოდ ფართო ფენებს, რადგან „მდიდრები“ ზამთარში თბებიან გაზის გამათბობელი სისტემებით, ხოლო „ღარიბები“ ე.წ. „ელ. პლიტებით“ და გარდა ამისა, დღემდე არსებობს რაიონები, სადაც გაზი უბრალოდ არ არის შეყვანილი. ამასთან, „ნაგვის“ რაოდენობა, მოგეხსენებათ, სეზონურად არ იცვლება, ელენერგიის მოხმარება კი სეზონურია და საკმაოდ დიდ სხვაობებს იძლევა პერიოდების მიხედვით. ჩვენ ვსვამთ კითხვას – სად ხედავს აქ ხელისუფლება სამართლიანობას, სამართალს რომ თავი დავანებოთ? კატეგორიულად მიუღებელია, აგრეთვე, ელექტროენერგიის და წყლის გადასახდელის გაერთიანება. კერძოდ, ერთ-ერთი ამ გადასახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეორე კომერციული სტრუქტურის მხრიდან სანქციების მიღება, რაც უხეშად არღვევს მომხმარებლის კანონიერ უფლებებს, ჰქონდეს ინდივიდუალური ურთიერთობები ამა თუ იმ მომსახურებასთან დაკავშირებით. ვთხოვთ ხელისუფლებას, გაატაროს შესაბამისი სანქციები „თელასის“ და „თბილისის წყლის“ მიმართ აღნიშნული უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით. და თუ ამ ორ კომერციულ სტრუქტურას რეალურად ერთი მეპატრონე ჰყავს, მოხდეს შესაბამისი შერწყმა, რომ ვიცოდეთ, მხოლოდ ელენერგიას გვაწვდის კრემლი, თუ წყალსაც მას უნდა ვუმადლოდეთ.

10. რობერტ სტურუას დოსიე

ამ და სხვა გლობალური დათბობის მიზეზით განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებას ცალკე გზავნილით მივმართავთ უახლოეს დღეებში“, – ნათქვამია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები: ვაჟა ბერიძე, უჩა ნანუაშვილი, ვლადიმერ პაპავა, ირაკლი სესიაშვილი, ზაზა ფირალიშვილი, ზაზა შათირიშვილი, თამარ ჩიქოვანი, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი და თედო ჯაფარიძე.