აქტუალური
„ფერერო“ სამეგრელოს მოსახლეობის აწიოკებას განაგრძობს

ferrero_logoზუგდიდი, 20 აგვისტო, საქინფორმის კორ. ლადო ქირია. ხობისა და ჩხოროწყუს რაიონების ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე იტალიურ ფირმა „ფერეროს“ 150 ჰა-მდე მიწა აქვს შესყიდული, სადაც თხილის პლანტაციებია გაშენებული. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საძოვრების გარეშეა დარჩენილი.

„ხობის რაიონის ტერიტორია მთლიანად წაიღო „ფერერომ“, ახლა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას მოგვადგა, 75 ჰა უკვე წაგვართვეს და კიდევ 75 ჰა-ს დაკავებას აპირებენ. ამასთან, მიწის ნაკვეთებს იკავებენ ტყის მასივებთან ერთად. გვპირდებიან – დაგასაქმებთო. ერთი ძირი თხილის მოვლაში 3 თეთრს იძლევიან, მთელი დღე რომ იმუშაო, 5 ლარსაც ვერ გამოიმუშავებ. აბა, ეს რა დასაქმებაა?! ერთ კვირაზე მეტია, ჩხოროწყუს გამგებელს 75 გლეხის ხელმოწერილი წერილი გავუგზავნეთ, პასუხი ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვერაფერს გადაწყვეტს – ამ საქმეში დიდი ჩინოვნიკები არიან ჩარეულნი“, –  აცხადებს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მკვიდრი კუკური ჯიქია.

გავრცელებული ვერსიით, „ფერეროს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია მფარველობს და მის საქმინობაშიცაა ჩაართული. რამდენიმე თვის წინათ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოზე დაკავებულმა „ფერეროს“ კომერციულმა დირექტორმა ნ. დალაქიშვილმა გოროზიასთვის რამდენჯერმე ქრთამის სახით ფულის მიცემის ფაქტი აღიარა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, გოროზიასთვის კი პასუხი არ მოუთხოვიათ. მისი საქმე თაროზეა შემოდებული.