პოლიტიკა
„აგვისტოს 5 დღე“ ობამას ვერ დააინტერესებს

avgustთბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გავლენიანი გამოცემა „Fox News“ სტატიაში სათაურით – „ფილმო, ობამას შენი ნახვა არ სურს“ – წერს, ჰოლივუდელი რეჟისორის – რენი ჰარლინის, ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ უახლოეს მომავალში თეთრი სახლის წარმომადგენელთა დაინტერესების საგანი ვერ გახდება, რადგან, როგორც სტატიის ავტორი, „Heritage Foundation“-ის ანალიტიკოსი ჯეიმს ჯეი კარაფანო აღნიშნავს, ფილმი აშკარად პროქართულია, შესაბამისად, ის ვერ დააინტერესებს ობამას, რომელიც ძირითად საგარეო პოლიტიკურ წარმატებად რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყებას მიიჩნევს.

„ჰარლინის ფილმში საშინელებად არიან წარმოჩენილი ობამას ახალი საუკეთესო მეგობრები. იმის მიუხედავად, რომ სიუჟეტი წმინდად ჰოლივუდურია, საგანგაშო სცენების უმეტესობა ამოღებულია უშუალოდ პირველი ხელიდან და „Human Rights Watch“-ის დასკვნებიდან. შესაბამისად, ვხედავთ მოხუცების წამებას და საომარი მარშრუტის მიმდებარე სოფლების განზრახ დაბომბვას. ფილმი მთავრდება ქართველთა მონათხრობით, რომლებმაც ომში ნათესავები დაკარგეს. ჰარლინის ანტირუსულ ფილმს ბლოგერები უკვე აკრიტიკებენ. ჰოლივუდმა კარგად მიიღო „სასტუმრო რუანდა“, რომელშიც მოვლენები მსგავსი სცენარით ვითარდება, თუმცა „აგვისტოს 5 დღეს“ ზურგი აქცია. განსხვავება ერთია – უკანასკნელი მათგანი ობამას კეთილ განზრახვებს მოსკოვის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რეგიონულ ხულიგნად რუსეთის წარმოჩენა თეთრი სახლის სამოქმედო გეგმებში არ თავსდება. უკანასკნელ დროს მოსკოვის მისამართით გაჩენილ ბრალდებებსაც აშშ-ში მცირე კუსტარული მრეწველობის შედეგად მიიჩნევენ“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულებას სკეპტიკოსები პროგნოზირებდნენ. ანალიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ეს შესაძლოა, ქართველების მიერაც ყოფილიყო ორგანიზებული, რათა შემდგომ ამაში რუსეთი დაედანაშაულებინათ.

თუმცა სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ, თუ ეს მართლაც ქართველების მოწყობილი იყო, მისი სცენარი აუცილებლად ამერიკაში მომზადდებოდა.

სტატიის დასასრულ კარაფანო ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, „აგვისტოს 5 დღის“ აუდიტორიის რა ნაწილი ნახავს ფილმს ზაფხულის ამ ცხელ დღეებში. „ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს ფილმი მნიშვნელოვან ბლოკბასტერად წარმოაჩინოს, თუმცა რეცენზენტები მას უარყოფითად – დაბლა დაწეული ცერა თითით, აფასებენ“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.