პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "საქართველო სამხრეთ ოსეთში მასობრივ შეჭრას ამზადებს"

mid_rf3თბილისი. 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო ემზადება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მასობრივი უკანონო შეჭრისათვის ე. წ. მშვიდობის მარშის ნიღაბქვეშ, რაც რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მესამე წლისთავს უკავშირდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული. „აქციის სცენარი ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მასობრივ უკანონო შეღწევას მშობლიურ სახლებში ლტოლვილების დაბრუნების ლოზუნგებით... ცალსახად ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს, თავი აარიდოს რეგიონში ახალი ავანტიურის წამოწყებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო აღნიშნავს, 26 აგვისტოს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების სამი წლისთავთან დაკავშირებით „მზადდება მშვიდობის მარში ქართული დასახლებული პუნქტი ოძისიდან სასაზღვრო პოსტამდე სამხრეთ ოსეთის ქალაქ ლენინგორისაკენ მიმავალ გზაზე“. მსვლელობაში იგეგმება წეროვანში დროებით გადაადგილებულთა ბანაკის მცხოვრები სამი ათასამდე ადამიანის ჩართვა, ასევე იმ ჩეჩნებისაც, რომლებიც საქართველოში, ახმეტის რაიონში ცოვრობენ.

„არსებული ცნობებით, მსვლელობის პოტენციური მონაწილეების გადაბირება ორგანიზებულია ლტოლვილთა გეგმიური ხელახალი რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ. ამასთანავე, ხელისუფლება ფართოდ იყენებს ზეწოლისა და მუქარის მეთოდებს. მთელ რიგ შემთხვევებში მოქალაქეებს აიძულებენ ხელი მოაწერონ „მშვიდობის მარშში“ მონაწილეობის ვალდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული წამოწყება უკიდურესად სახიფათოა. ის უამისოდაც მყიფე სიტუაციას რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, განსაკუთრებით თვალშისაცემია „მშვიდობის მარშის“ ორგანიზატორთა ცინიზმი, რომელიც ადასტურებს, რომ დევნილთა ბედი, რომელზეც თითქოსდა ასე დარდობს საქართველოს ხელისუფალნი, სხვა არაფერია, თუ არა ვაჭრობის საგანი მათ პოლიტიკურ თამაშებში“, - ხაზგასმულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.