უცხოეთი
სოჭში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარია

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნაა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამარხში კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა გაავრცელა.

მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 127 მეხანძრე და 35 ერთეული ტექნიკა.

სოჭის მერმა, ანდრეი პრუშუნინმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობები, რომლებიც მდებარეობს ავტოსამრეწველო კოოპერატივის ტერიტორიაზე.

„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნა მერმა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, არ გადაიღონ და არ გაავრცელონ ხანძრის ლიკვიდაციის კადრები.

რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის გამო სოჭის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება. მოგვიანებით ეს შეზღუდვები სრულად მოიხსნა.

1tv.ge