პოლიტიკა
კერძო სკოლებისთვის ხელშეწყობა საჯარო სკოლების ლიკვიდაციის ხარჯზე

skola-187თბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საზაფხულო არდადეგების პერიოდში ვრცელდებოდა ხმები, რომ ბევრ საჯარო სკოლას დახურვა ემუქრებოდა. ამავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წინ წამოწია საკითხი კერძო სკოლებისთვის ხელშეწყობის შესახებ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დადგებოდა იმ სკოლების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებშიც სწავლება სათანადო დონეზე არ იყო უზრუნველყოფილი (ამის შესახებ საქინფორმი 21 ივნისს იტყობინებოდა): ამ მიზნით საატესტატო გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით რამდენიმე საჯარო სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

თვალდადგმული სკოლების პედკოლექტივი ბევრჯერ დაამშვიდეს – არაფერი გემუქრებათ, ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებაო. არადა, ფაქტი სახეზეა. რამდენიმე სკოლა, მათ შორის, თბილისის 187-ე საჯარო, დაიხურა. შეშფოთებული მშობლები სამინისტროს ონლაინკითხვებსაც უსვამდნენ „ფეისბუქზე“ ბავშვების ბედთან დაკავშირებით, თუმცა „არასასიამოვნო“ და „არასაჯარო“ კითხვები „იკარგებოდა“.

როგორც ამბობენ, ზემოაღნიშნული სკოლის შენობაში კერძო სკოლა „ფესვები“ შედის. უცნობია, რა ბედი ელით მასპინძელ მოსწავლეებს – უნდა გადაიხადონ თუ არა ის უზარმაზარი თანხები, რომლის შესაძლებლობაც უმეტესობას არ ექნება, ან პედკოლექტივს დაასაქმებენ თუ არა. ამ მიზნით საქინფორმი შეეცადა, სკოლის ადმინისტრაციას დაკავშირებოდა, თუმცა ყოფილი დირექტორის კაბინეტში ტელეფონი დუმს. დუმს პედკოლექტივი, დაცვა... დახედეთ ფოტოს, ეს აბრა ჯერ კიდევ ამშვენებს ამ შენობას, სულ მალე კი სანაგვეზე მოისვრიან ისევე, როგორც ბევრი ღირსეული პედაგოგი, რბილად რომ ვთქვათ, სახლებში გაუშვეს.