საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი. ამასთან, 2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია იზრდება.
70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით, მაღალმთიან დასახლებებში კი თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 444 ლარით.
„გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით“, – ნათქვამია პროექტში.
სოციალური პროგრამების დაფინანსება ჯამში შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი.