საზოგადოება
ბოჭორიშვილი: ევროკავშირში არ არის მზაობა „ერთი ხელის მოსმით" გააუქმოს უვიზო მიმოსვლა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირში არ არის მზაობა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ, შანტაჟის ნებისმიერი მცდელობა კი უსაფუძვლოა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენს წინადადებების პაკეტს, მათ შორის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ჩათვლით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ზომების მიღება ვერ მოხერხდა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების სრული მხარდაჭერის არქონის გამო.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, სინამდვილეში, ყველამ ნათლად დაინახა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მუქარა და ამით შანტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.

„შეუძლებელია ამ გზით სიარული საქართველოსთან და ზოგადად, ყველასთან მიმართებით", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ინსტრუმენტის გამოყენებას დაიწყებენ, ეს გახდება საშიში პოლიტიკური პრეცენდენტი სხვებისთვისაც.

„ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული გზების ძიება კვლავ გრძელდება, რათა გარკვეულწილად ამ საკითხის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება მოხდეს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.