საზოგადოება
„ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია გადასცა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.

სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.

„ორივე მათგანი არის ჟურნალისტი, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან ყალბი ბრალდებებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ საქმეს ასრულებდნენ და ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუტი მათ გვერდით დგას, ვინც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.

სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.