საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველმა ხალხმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა თავისი არჩევანი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერში, მათ შორის, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაში არ გაცვლის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ოპოზიციის მტკიცებით, კენჭისყრა „ტოტალურად გაყალბდა" და ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა 2024 წლის 26 ოქტომბერს და მტკიცედ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არაფერში გაიცვლება, მათ შორის, არც ვიზებში, არც გარედან დაკრულ ტაშში, არც გარედან შექებებში", - განაცხადა წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
ვიცე-სპიკერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების იდეას და ნებისმიერი საომარი სცენარის დაუშვებლობას. მან ასევე გაიხსენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ამავე დროს გავიარეთ ეტაპი, რომელმაც მოგვცა საფუძველი, რომ უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და „ნაცობის“ იდეა აიკრძალოს - ყველა იმ პირთან, სუბიექტთან ან აქტივისტთან ერთად, რომლებმაც წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს არის ზუსტად ის მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩევლებმა მოგვცეს 26 ოქტომბრის არჩევნებში თავიანთი ხმით“, - აღნიშნა წილოსანმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ეს, შესაძლოა, ათამდე პარტიას შეეხოს, რომელთა შორისა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელის მთავარი მიზანი „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებაა“.
წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება უსამართლო გადაწყვეტილება და დიდი იმედგაცრუება იქნება ქართველი ხალხისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ უვიზო მიმოსვლის უფლების შეზღუდვას, რადგან ეს შეღავათი სამართლიანად იქნა მიღებული.
„ეს იქნება უსამართლობა და ბრაზის საფუძველიც ქართველ ხალხში. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ არჩევანს, რის საპირწონედ გვთხოვენ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას. თუ ჩვენი იდენტობა და ყველაფერი, რაზეც დგას ეს ქვეყანა, დავთმეთ იმისთვის, რომ ვიაროთ კომფორტულად, ასეთ არჩევანს არც ერთი ჭეშმარიტი ქართველი არ გააკეთებს. არც ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ასეთი უღირსი არჩევანი გავაკეთოთ“, - აღნიშნა წილოსანმა.
პარლამენტის წევრმა არ გამორიცხა უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომელმაც დაადასტურა მოქალაქეების ერთგულება ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოზიციაზე.
„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველები ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, პოზიციას არ იცვლიან. შესაძლოა, ამან ევროკავშირი აიძულოს, თავი შეიკავოს არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან. განწყობა უკიდურესად ნეგატიური იქნება თუ სადამსჯელო ზომები მხოლოდ იმიტომ დაწესდება, რომ ქართველმა ხალხმა სხვისი ნების დამორჩილების ნაცვლად დამოუკიდებლობა აირჩია“, - ხაზგასმით აღნიშნა წილოსანმა.