სამართალი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: მრავალი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პერსპექტივა შეშფოთებას იწვევს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუიშ გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც ასეთმა სამართალწარმოებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის. შესაბამისი განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ღრმად შეშფოთებული ვარ ამ სამართალწარმოების პოტენციური შედეგებით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ნებისმიერმა პირმა, რომელმაც დაარღვია კანონი ან კონსტიტუცია, უდავოდ უნდა აგოს პასუხი სამართლიანი და გამჭვირვალე წესით. თუმცა მრავალი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პერსპექტივა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ სიჯანსაღესთან დაკავშირებით“, – აცხადებს გრაჩა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ივლისში მიღებულ პორტოს დეკლარაციაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვების გამო, ასევე დეკლარაცია შეიცავს დეესკალაციისა და ეროვნულ დიალოგში ჩართვისკენ მოწოდებას. ის ასევე მოუწოდებს პოლიტიკური პლურალიზმის შესაზღუდად სამართლებრივი ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან თავშეკავებისკენ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის უზრუნველყოფისკენ.

გადაწყვეტილებამ, რომელიც იწვევს პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას, შეიძლება, საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიოს და შეასუსტოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებ, რომ ჩართული მხარეები ყურადღებით განიხილავენ ასეთი ქმედებების უფრო ფართო გავლენას და მოძებნიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ეროვნულ დიალოგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას“, – აღნიშნავს ლუიშ გრაჩა.

განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები იპოვიან წინსვლის გზას, რომელიც დაეყრდნობა ინკლუზიურობასა და დიალოგს“.

როგორც პარლამენტარს, მტკიცედ მჯერა, რომ სტაბილურობისა და რეფორმების საფუძველი არის ჩართულობა, თანამშრომლობა და არა გარიცხვა. ჩვენი ასამბლეა გააგრძელებს დიალოგისა და შერიგების ხელშეწყობას, გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რომლებიც აძლიერებენ ინკლუზიურობას, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.