პუბლიკაციები
საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ჩამოყალიბების 10 წლისთავი აღინიშნა.

საღამო საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შედგა.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა საშუალებაა წინ წამოიწიოს და ხაზი გაესვას ტოლერანტობის პრინციპების მნიშვნელობას.

ეს პრინციპები ხომ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ასევე აღვნიშნავთ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შექმნის 10 წლის იუბილეს.

შემწყნარებლობა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც აძლიერებს საქართველოს. ამის საუკეთესო მაგალითი კი თბილისია - მრავალეროვნული და მულტიკულტურული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ქალაქი.

სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჩართული ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.