რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს ათონის მთის დიდი ლავრის წინამძღვარი, კათიღუმენი პროდრომი ესტუმრა

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. 18 ნოემბერს (2025), საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა ათონის მთის დიდი ლავრის წინამძღვარი, კათიღუმენი პროდრომი (ლავრიოტისი), ასევე ათანასე მთაწმინდელის მონასტრის ბერები – მონოზონი აგათონი (ლავრიოტისი) და წმინდა ანას სკიტის, წმინდა ელეფთერის კელიის მღვდელმონოზონი ხრისტოდულე (კაპეტასი). ისინი საქართველოში მომლოცველობითი მისიით იმყოფებიან.

სტუმრებს შეხვდნენ:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);

კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები.

შეხვედრა წარიმართა ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის ატმოსფეროში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დედით ქართველი ათანასე ათონელის ლოცვა-კურთხევით ქართველმა ათონელმა მამებმა, დააარსეს ივერთა მონასტერი (Ιερά Μονή των Ιβήρων), Xს-ში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რჩება ორ ეკლესიათა შორის დიდი და ძმური ისტორიული კავშირის ნიშანსვეტად; ითქვა ისიც, რომ ჩვენს დროში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ათონის მთასთან ურთიერთობებს, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება.

შევნიშნავთ, რომ სტუმრები საქართველოში 22 ნოემბრამდე დარჩებიან და მოილოცავენ ჩვენი ქვეყანის ეპარქიებში არსებულ სიწმინდეებს, ტაძრებსა და მონასტრებს;

პარასკევს, მთავანგელოზობას კი საზეიმო წირვას აღასრულებენ დარიალის მთავარანგელოზთა ტაძარში.