საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, რომ აუცილებელია წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს, არ იყოს იმ პოლიტიკური პარტიების მონოპოლია, რომლებმაც აქამდე ვერ აჩვენეს, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ, მართონ სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის დეკემბრის აქციაზე დაკავებულთათვის უფასო იურიდიული დახმარების მიზნით შექმნილ იურისტთა ჯგუფთან და პატიმრების ოჯახების წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რაც დავიწყე ამ ქვეყანაში მოღვაწეობა, სულ იმაზე ვმუშაობ, რომ ერთობა შეიქმნას. ერთობა ჩემთვის არ არის ერთპარტიულობა და ამ პარტიების რაღაცნაირად ხელოვნური შეჯამება, რადგან ჩვენ თუ გვინდა ხვალინდელი დემოკრატია, გვინდა მრავალფეროვნება და გვინდა, ყველას ჰქონდეს თავისი იდენტობა. არის მომენტები, როდესაც შენ ებრძვი შიგნით ავტორიტარიზმს და გარეთ რუსეთს, თუ შიგნით რუსეთს, აღარ ვიცი უკვე, აქ ადგილი აღარ არის იმაზე სასაუბროდ, რომ „მე ჩემი იდენტობა, ჩემი რაღაც“ – ამას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქარტია ძალაშია და ქარტიიდან არავინ გასულა.
„ვნახავთ, თუ არის რაღაცები შესასწორებელი, რადგან რაც დრო გადის, რაღაცები დასამატებელია, მაგრამ მისი სულისკვეთება უცვლელია. არავინ გასულა იმ ქარტიიდან, არავის უთქვამს, რომ მე აღარ ვუჭერ მხარს. მე არ ვიცი სხვა დოკუმენტი, რომელზედაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ამდენი თანხმობაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტნიორები შეხვედრისას ეკითხებიან, თუ სად არის პოლიტიკური ალტერნატივა. მისი თქმით, საჭიროა, პარტნიორებს დაანახონ, რომ ალტერნატივა არსებობს.
„დღეს საზოგადოებაში სხვა წონის აქცენტები გაჩნდა და საზოგადოებაში პროტესტია. პატიმრები და მათი ოჯახები, სხვადასხვა წრე, რომლებიც შეიძლება, აქტივისტები არ არიან და ყოველდღე ქუჩაში არ დგანან, მაგრამ რომლებიც ჩნდებიან, როგორც ადამიანები და ჯგუფები, თუნდაც იურისტების ჯგუფი და ა.შ. ეს პლატფორმა ამ ფორმით უნდა გაიზარდოს და ამაზე ვმუშაობთ. შეიძლება, რაღაც ჯგუფები შეიქმნას. ყველაფერი რთულია ამ ქვეყანაში, მაგრამ ამასაც მივაღწევთ, რადგან დაკვეთა არის საზოგადოების, დაკვეთა არის გარეთ. ჩემი არცერთი გასვლა გარეთ ან ინტერვიუ არ არსებობს ისეთი, სადაც არ მეკითხებიან, სად არის თქვენი პოლიტიკური ალტერნატივა? ვიდრე არ დავანახებთ, რომ არის პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ნაწილიც დღეს, სამწუხაროდ, ციხეში და ნაწილი რესურსების გარეშეა, ვიდრე არ დავანახებთ, რომ როცა ესენი ჩამოიშლებიან, შეგვიძლია, ქვეყანა ხელში ავიყვანოთ და სტაბილურობა დავიჭიროთ. ამას ელოდება საზოგადოება, რომ უფრო გამბედავად დაუჭიროს მხარი პროტესტს და ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ბუნებრივია, უყურებენ ქვეყანას და ფიქრობენ: „ესენი გავიგეთ, ვინ არიან და რა არიან, მაგრამ ესენი თუ არა, ვინ იქნება და რა იქნება?“ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამაზე პასუხი გავცეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.