საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიებთან - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოების ფარგლებში, JP MORGAN, Société General, CITI და ICBC ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ნიუ-იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან.
"შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები", - წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კაჭარავა.