პუბლიკაციები
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა“

narkomania

თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის არცერთ გამოსვლაში, რატომღაც, ერთი სიტყვაც არ ყოფილა ნახსენები ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემის _ ნარკომანიის, შესახებ. თითქოს ქვეყანაში ერთი ნარკომანიც არ არსებობს. სირაქლემას პოზიცია ჩვენი ხელისუფლების საყვარელი პოზა რომ არის, გასაგებია, მაგრამ წლიდან წლამდე ნარკომანთა რიცხვი საგანგაშოდ რომ იზრდება და ქვეყანა ნარკოტიკების ტრანზიტად იქცა, ამას თავის სილაში ჩამალვა არ უშველის.

დღეს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და საზრუნავი ტურიზმის განვითარებაა, და ეს მაშინ, როცა 4-მილიონიან საქართველოში 300 000 ნარკომანია.

საქართველოში ნარკოტიკები მდინარესავით შემოედინება, კალაპოტიც ბრწყინვალე აქვს, ხელს არავინ უშლის. მერე რა, თუ ქვეყნის მთელი ახალგაზრდობა წალეკა!

ცნობისთვის: ყოველწლიურად საქართველოში 2,4 ტონა ჰეროინი იყიდება, საიდანაც ნარკორეალიზატორები, სულ მცირე, 700-მილიონიან მოგებას ნახულობენ. 2 წლის განმავლობაში კი პოლიციამ მხოლოდ 18 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო.

2009 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებსა და დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ ავღანური ჰეროინის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების საკითხზე მოხსენება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად საქართველოს გავლით ევროპაში 7 ტონა ჰეროინი შედის, ხოლო მთლიანად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან – 11 ტონა. გარდა ამისა, 2011 წლის თებერვალში საქართველო, როგორც ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოიხსენია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება.

ანგარიშის მიხედვით, მიზეზი საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობაა. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მოკრძალებულ კომენტარებს აკეთებს და  სიამაყით უსვამს ხაზს, რომ „სერიოზულად ებრძვის“ ამ სენს. თუმცა გაუგებარია, რით გამოიხატება სერიოზული ბრძოლა ამ კუთხით.

„ამ ბრძოლის“ ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს მარიხუან ლეგალიზაციის შესახებ უკანასკნელ პერიოდში გახშირებული საუბრებიც! მისი ლეგალიზება, ფაქტობრივა, სამთავრობო სტრუქტურებში არალეგალურად მოღვაწე ნარკობარონების საქმიანობის ნებართვას ნიშნავს. მიზეზი, რომ თითქოს მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, აბსურდულია.

სტატისტიკის მიხედვით, სამკურნალოდ მისულ პაციენტთა შორის პირველ ადგილზე ჰეროინის მომხმარებელნი არიან, მეორეზე კი – კანაფის.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას მომხმარებლის აღქმის უნარი მეორე დღეს სამჯერ ნაკლებია. მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ცხოვრების დაბალი დონე გამოწვეულია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ კანაფის მოხმარებით. ეს ნარკოტიკი იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ჰყოფნის განცდას, რაც აბრკოლებს მისწრაფებას რაღაცისკენ. ებრძვის ხელისუფლება ქვეყანაში ნარკოტიკებს, ოღონდ – არაფრის კეთებით!

ნარკომანთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, მასთან ერთად – ნარკოტიკთა სახეობებიც.

მაგალითისთვის, წელს საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება, .. ნიანგი გამოჩნდა, რომელიც აფთიაქებში ხელმისაწვდომი პრეპარატებისგან მზადდება კუსტარულად. ნარკოტიკული საშუალების დამზადებისას, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ტოქსიკური ნარევი კროტი გამოიყენება, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. ეს „კოკტეილი“ როგორ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, უკვე სხვა საკითხია.

უამრავ ზიანთან ერთად, „ნიანგი“ გაცილებით უფრო ხშირად იწვევს ზედოზირებას, აქამდე გავრცელებული კუსტარული ამფეტამინებისგან („ვინტი“, „ჯეფი“) განსხვავებით. დოზის გადაჭარბების ყოველი შემთხვევა კი ძირითად შემთხვევაში ლეტალობით სრულდება. ავადმყოფი და მისი ახლობლები ერიდებიან, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან დახმარებას თან სდევს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე პოლიციის ინფორმირება; ნალოქსონი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატს წარმოადგენს, ამჟამად აფთიაქებში არ იშოვება, რადგან უკვე 8 თვეა, ქვეყანაში აღარ შემოუტანიათ რეგისტრაციის ვადის დამთავრების გამო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამ მედიკამენტის შემოტანის განახლებაზე არავინ ზრუნავს. ესეც ერთ-ერთი მხარეა სახელმწიფოს ნარკოტიკებთან „მკაცრად ბრძოლის“!

P.S. ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარება დროთა განამვლობაში იწვევს ძლიერ ტკივილს, უძილობას, გადაღლას, უსაფუძვლო შიშებს, უმადობას, მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, ნარკოტიკის დაუძლეველ სურვილს. ნარკოტიკი ანგრევს ადამიანის ორგანიზმს, აზიანებს ნერვულ, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ სისტემებს, ღვიძლს, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს. ადამიანს ეკარგება ცხოვრების ინტერესი და მთელი არსებით ნარკოტიკს ეჯაჭვება. პიროვნება დეგრადაციას განიცდის, შესაძლოა, დაემართოს პარანოია და ფსიქოზი.

ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე კი მუდამ საფრთხეშია.

 

თეო ტაბატაძე