სამართალი
ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ბოლომდე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიიღებს, რომლის თანახმად სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო.

ნებართვას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს და ახალი ვენახები მხოლოდ მის საფუძველზე გაშენდება.

ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.

გარდა ამისა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით.

მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.