საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ევროკომისიის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ წარმოადგენს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს, განაცხადა პარტია „ხალხი ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ 21 იანვარს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.
„ევროკომისიის შიგნით დაწყებული ეს პროცესი, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის ეს ნაბიჯი უსამართლოა, ვინაიდან საქართველოს არც ერთი პუნქტი და რეგულაცია არ დაურღვევია.
„ეს არის ევროკომისიის მხრიდან გადადგმული ძალიან უსამართლო ნაბიჯი, რომელიც, ასევე მიუთითებს მათ ღირებულებით კრიზისზე. საქართველოს არც ერთი პუნქტი, არც ერთი რეგულაცია, არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია, რომელიც უვიზო მიმოსვლის დამყარებისთვის იყო აუცილებელი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.