საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს ხელი მოაწერა საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.
„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა დეპუტატმა.
კიევს 2022 წლიდან, იგორ დოლგოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ელჩი არ ჰყოლია.
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მის ფუნქციებს ასრულებდნენ საქმეთა დროებით რწმუნებულები, რომლებიც ოთხ წელზე ნაკლებ დროში ხუთჯერ შეცვალეს. 2025 წლიდან საქმეთა დროებით რწმუნებულის თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. იგი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.