საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. მარაბდა-კარწახის რკინიგზაზე ტვირთების ექსკლუზიური გადამზიდავი "საქართველოს რკინიგზა" ხდება. BTKI Railways-ი ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლების შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways-ის გენერალურ დირექტორმა ლევან კანკავამ და მიქაელ აბასოვმა მოაწერეს.
შეთანხმება ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძისა და აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვის შეხვედრის შემდეგ შედგა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.
საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის ოფიციალურ ამოქმედებასა და მისი მეშვეობით ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.