აქტუალური
შსს: 1.79 მილიონი უცხოელი ვიზიტორი დაფიქსირდა

shss22თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ვიზიტები 2011 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 42.6 პროცენტით გაიზარდა და 1.79 მილიონს მიაღწია, – ნათქვამია გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად.

ამ აგვისტოში, როცა, როგორც წესი, ყველაზე მეტი უცხოელი სტუმრობს საქართველოს (ბოლო ექვს წელიწადში გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ 2008 წლის აგვისტო იყო), ვიზიტორთა რაოდენობამ 355 924 შეადგინა, რაც 42.2 პროცენტით მეტია შრაშანდელ აგვისტოსთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის კომპეტენციაში საზღვრის კონტროლიც შედის.

ამ მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს სტატისტიკას 2006 წლიდან მოყოლებული, ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში დიდი წილი სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე მოდის. სომხეთის მოქალაქეებმა 2010 წელს საქართველოში 547 510 შემოსვლით ამ მხრივ წამყვანი პოზიცია დაიკავეს. ამ სამეულს 2011 წლის რვა თვეში 456 282 მონაცემით აზერბაიჯანელი მოქალაქეები ლიდერობენ.

 

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში; შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით მათი რაოდენობა წლევანდელ აგვისტოში თითქმის გაორმაგდა და 44 854 შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მცხოვრებთ, აგვისტოში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში მათი შემოსვლის ოდენობამ 4 850 შეადგინა. მათ შორის 84 პროცენტი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი იყო.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ  90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაუწესა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს; რუსეთის დანარჩენი მოქალაქეები კი კვლავაც სარგებლობენ  ვიზების საქართველოს აეროპორტებში აღების უფლებით. 2011 წლის ივლისიდან რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მკვიდრნი, ასევე, შეუძლიათ ვიზები ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადმოკვეთისას აიღონ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ვიზიტების ტენდენციაც მზარდია – 2006 წელს – 80 734, ხოლო 2010 წელს – 110 264; 2011 წლის რვა თვის მონაცემებით ეს რიცხვი 91 296 შეადგენს.

2010 წელს ირანის მოქალაქეების მიერ 21 259 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. ეს მონაცემი 2011 წლის რვა თვეში 37 287-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოსა და ირანს შორის 45-დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.