საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია და ხელისუფლების წარმომადგენლები ვიზებით დადიან, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
„ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეც და ნებისმიერი ჩვენგანიც, როცა ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით ევროკავშირის ქვეყნებში, ვიზებს ვიღებდით. ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება!", - განაცხადა წილოსანმა.
მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზების გამოყენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა.
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც „ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას".
საქართველოს ხელისუფლება ასეთ ბრალდებებს უსამართლოს უწოდებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება „საკუთარი უსაფრთხოებისა და საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისადმი შეშფოთებით“ არის განპირობებული.