საზოგადოება
დიახ, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა არის ძვირიანი სიამოვნება - წილოსანი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, პლასტმასის ბოთლებით სასმლის რეალიზაციის აკრძალვის გეგმები არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ევროკავშირს დავუახლოვდით. მისივე განცხადებით, კერძო სექტორთან სამინისტრო აწარმოებს კომუნიკაციას, რათა ეს პროცესი “უმტკივნეულო” იყოს.

ეს გზა გაიარა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და საქართველო მაქსიმალურად ავადებდა, ანუ გადავადებას ახდენდა ამ ვალდებულებების შესრულების იმისთვის, რომ ეს მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო როგორც წარმოებებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მონაწილე, წარმოება იქნება ეს თუ შემდგომ ნარჩენების მართვის ასოციაციები, შესაბამისად მოახდენენ ამაზე კონცენტრირებას და რაც მთავარია, სამინისტრო აწარმოებს მათთან აქტიურ კომუნიკაციას იმისთვის, რომ ეს იყოს უმტკივნეულო პროცესი”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანმა bm.ge-ის კითხვას - როდესაც ვსაუბრობთ სურსათის ფასების შემცირების მნიშვნელობაზე და პარალელურად სასმლის პლასტმასის ბოთლში გაყიდვის აკრძალვას ვგეგმავთ, ეს არ გააძვირებს პროდუქციას? - წილოსანმა აღნიშნა, რომ “ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა არის შედარებით ძვირიანი სიამოვნება”.

მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არ არის ჩემი უშუალო საკითხი. თუმცა გეტყვით, რომ დიახ, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა არის შედარებით ძვირიანი სიამოვნება. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე და მის სტანდარტებზე, რომელიც ვალდებულების სახით მოგვეწოდა ჩვენ დირექტივებად და შესაბამისი ასოცირების შეთანხმების ნაწილად, რა თქმა უნდა აქ იგულისხმება და სწორედ ამიტომ არის, რომ რაღაც საკითხებს გადავავადებთ ხოლმე, იმისთვის რომ ამას არ ჰქონდეს კონკრეტული ტვირთი მოსახლეობისთვის”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ამას წინათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პლასტმასის ბოთლებით მარკეტებში სასმლის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. პავლიაშვილის თქმით, ახალი აკრძალვის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის, სავარაუდოდ თებერვლიდან. ესეც ინიციატივაა ჯერ, რა თქმა უნდა, მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ისე მივდივართ ეტაპობრივად, რომ ბიზნესს უცებ არ დააწვეს...”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პავლიაშვილის თქმით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. დანარჩენ ყველა შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით სასმლის გაყიდვა აიკრძალება. ასევე, შეზღუდვა არ შეეხება ექსპორტს.